რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს

21 მარტი, 2015

rishar7იტალიური წარმოშობის ფრანგი ვირტუოზი აკორდეონისტი რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს. ის მეხუთედ ესტუმრება დედაქალაქს მსოფლიო საიუბილეო პრემიერით “30 წელი ნიუ მუზეტის კვარტეტთან”.

ახალ პროექტში გალიანოს მოწვეული ჰყავს ჯაზის უბადლო იმროვიზატორები, მეგავარსკვლავები 2 გრემის მფლობელი, 2 ლათინური გრემის მფლობელი, 2-ჯერ გრემიზე და ლათინურ გრემიზე ნომინირებული კუბელი პიანისტი გონსალო რუბალკაბა და ფრანგი მესაყვირე ერიკ ტრუფაზი.

22 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში გალიანოსთან ერთად სცენაზე წარდგებიან შესანიშნავი არტისტები გიტარისტი სილვენ ლუკი, დრამერი ანდრე ჩეკარელი და კონტრაბასისტი იარონ სტავი. ამ შემადგენლობით მუსიკოსები მხოლოდ თბილისში ჩაატარებენ ექსკლუზიურ კონცერტს. რუბალკაბა დიდი მაესტროს 30 წლიანი მუსიკალური კარიერის აღსანიშნად ჩამოდის სპეციალურად ქალაქ მაიმიდან.

30 წელი გავიდა მას შემდეგ რაც, მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელმა აკორდეონისტმა თავისი სოლო კარიერა დაიწყო, ისეთ ფრანგ შემსრულებლებთან მუშაობის შემდეგ, როგორებიც იყვნენ კლოდ ნუგარო, ბარბარა, ჟულიეტ გრეკო, ჟორჟ მუსტაკი, სერჟ რეჯანი, შარლ აზნავური და ალენ ლეპრესტი.

30 წელი გავიდა კვარტეტ „New Musette“-თან ერთად მისი პირველი ალბომის „Spleen“-ის გამოსვლიდან.

30 წელია რიშარ გალიანო პოპულარიზაციას უწევს აკორდეონის მუსიკას და ეს მუსიკალური ინსტრუმენტი კვლავ პრესტიჟული გახადა.

30 წელია, გალიანოს მუსიკაში ყველა მუსიკალური ჟანრი იყრის თავს Joie de vivre-თან ერთად აქ არის ფლირტი სალსასთან, არშიყობა ტანგოსთან და ამავე დროს მის ფრანგულ-იტალიურ ფესვებისადმი ერთგულება.

2014 წელს გალიანო ფრანგულმა ყოველწლიურმა მუსიკალურმა პრემიამ წლის კომპოზიტორად დაასახელა.

რიშარ გალიანო თავის მეგობრებთან და მუსიკოსებთან ერთად თავის 30 წლიან მუსიკალურ კარიერას აღნიშნავს. მისი კვარტეტის რეპერტუარი ბოლო 30 წლის განმავლობაში რიშარ გალიანოს მიერ შექმნილ საუკეთესო კომპოზიციებს მოიცავს.

ვირტუოზი აკორდეონისტის კონცერტის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია ”თაგის არტია”. საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 20-დან 100 ლარამდეა.

გააზიარეთ

 
...