რისთვის დაისაჯა კარლო საკანდელიძე?

14 მარტი, 2015

k5რუსთაველის თეატრის მსახიობის კარლო საკანდელიძის მიერ განსახირებული თეატრალური თუ კინო როლები გამორჩეულად უყვარს მაყურებელს.

მსახიობს მიაჩნდა, რომ დაისაჯა და ბოლო პერიოდში მისი მძიმე ავადმყოფობაც ამ მიზეზით იყო გამოწვეული.

“არტინოფო” გთავაზობთ უცნობ ისტორიებს კარლო საკანდელიძის ცხოვრებიდან:

***

ჩემთვის არ არსებობდა რაღაც დაბრკოლება იმის გამო, რომ ეკლესიაში შევსულიყავი. მადლობა ღმერთს, მხოლოდ მაშინ არ მახსენდებოდა ჩვენი მაცხოვარი, როცა რაიმე გამიჭირდებოდა, ან განსაცდელი მქონდა. ადამიანთა უმრავლესობას ეკლესია და ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა რაღაც გაუჭირდება. საბედნიეროდ, ეკლესიასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი და რწმენა ჩემთვის ახლაც უმთავრესია. ღმერთს მადლობასაც ხშირად ვეუბნები. რწმენა ქართველებისთვის უმთავრესია, თუკი დღემდე რამემ მოგვიყვანა, ეს ჩვენი რწმენაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიხარია, რომ ქრისტიანი ვარ. ქუთაისში მამაჩემი მღვდლად ეკურთხა. მამა მღვდლად კალისტრატე ცინცაძემ აკურთხა, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისში იყო ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. ჩაიცვა მამამ ანაფორა და მოღვაწეობდა რაჭა-ლეჩხუმში. თავიდან მამაჩემი პედაგოგი იყო, ღვთის სამსახურში ყოფნის რამდენიმე წლის შემდეგ კი ისევ რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობა დაიწყო. ბოლოს მამამ ანაფორა გაიხადა. სამწუხაროდ, მისი საეკლესიო ნივთები არ შემომრჩა, იმიტომ, რომ სოფელში დავტოვე ყველაფერი. ახლა ამაზე გული მწყდება, მაგრამ რაღა დროსია? დედა როცა გარდამეცვალა, სამი წლის ვიყავი, მამაც მალე გარდაიცვალა და ჩემმა დებმა თავისთან წამომიყვანეს, მას შემდეგ ასე მოვდივარ და აქამდე მოვაღწიე. ალბათ ღმერთს ასე უნდოდა, რომ დედა, რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის ყველაზე ლამაზი, კარგი და საყვარელია, ჩემი ცხოვრებიდან ასე ადრე წასულიყო. ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ სასწაულის ტოლფასია, თუმცა მათი დაკონკრეტება არ მინდა.

***

მამაჩემი იმავე ეკლესიის ტერიტორიაზეა დაკრძალული, სადაც მოღვაწეობდა, ზედა ბზვანში. სასულიერო პირის როლი არასოდეს მითამაშია, ეტყობა, რეჟისორებმა მღვდლის როლში ვერ დამინახეს. ადრე ჩავდიოდი ამ ეკლესიაში, მაგრამ ახლა უკვე აღარ შემიძლია. წლები მომემატა და ძალიან მიჭირს. ბოლო პერიოდში ხალხი მიბრუნდა ეკლესიისკენ, დაიწყო ეკლესიების ინტენსიური მშენებლობები და ეს მახარებს. მე პიონერი ვიყავი ამ საქმეში. ღმერთი ჩემთვის ყოველთვის იყო და სულ მიხაროდა, რომ რწმენა აღდგა ხალხში. ქართველები მაინც სულ სხვანაირი ერი ვართ და ჩვენში რწმენა და უფლისადმი სიყვარული განსაკუთრებულად არის გამჯდარი. ამდენი ჭირი და უბედურებაც სწორედ ამან გადაგვატანინა. მიყვარს ისეთ ადამიანებთან საუბარი, რომელთაც ჩემში სიმშვიდე და დადებითი ენერგია მოაქვთ. მე იმიტომ არ მითქვამს უარი მამის გზას გავყოლოდი, რომ რამის შემეშინდა, პირიქით, არაფრის შემშინებია, უბრალოდ, აქ ვსწავლობდი, ჩემს დებთან ერთად აქ დავამთავრე სკოლა. ინსტიტუტისადმი ტრფიალი გამიჩნდა ჯერ კიდევ სკოლაში. ჩემი ოცნება ავისრულე და დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი.

***

ძალიან ბევრი ნათლული მყავს, მაგრამ მამაჩემს უამრავი ჰყავდა. ჩემი ნათლულები ძალიან კარგი ადამიანები არიან. ხშირად მეხმიანებიან, იმიტომ, რომ ასეთი წესია – ნათლულმა ნათლია ყოველთვის უნდა მოიკითხოს. ეს არის უდიდესი მადლი და ნათესაობა, რომელიც შვიდ თაობაზე გადადის. ბევრი მეკითხება თქვენი ნათლობის სახელი კარლოაო და სწორედ რომ კარლოა ჩემი ნათლობის სახელი, თორემ ისე კუკუშკას მეძახდნენ.

***

მოძღვარი არ მყავს და არც მყოლია. ყველა სასულიერო პირთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს. ჩემს ასაკში ცოტა რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა, ამიტომ დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამ ყველაფერს. მირჩევნია, პირდაპირ ღმერთს ველაპარაკო, ჩემი გულისნადები შევჩივლო და პატიება ვთხოვო. ახლა ძალიან ბევრი მღვდელია, ყველას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ვისაც ვიცნობ, ყველა კეთილი, კარგი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა ძალიან მიჭირს ეკლესიაში სიარული, იმიტომ, რომ რაც ინსულტი გადავიტანე, დავმძიმდი და ხშირად ვეღარ დავდივარ. თუმცა მთავარი ეკლესიაში სიარული არ არის. ღმერთი სულ მახსოვს, ის ჩემს გულშია და მჯერა, რომ ეკლესიაში ვერმისვლას უფალი მაპატიებს. ჩვენი მფარველი ღმერთის დავიწყება როგორ შეიძლება? ლოცვები ვიცი. მხოლოდ საეკლესიო ლოცვებს ვემორჩილები და ძალიან ხშირად ვკითხულობ მათ. ლოცვა მამშვიდებს. ჩემთვის მარხვა, ზიარება, ჯვრისწერა მისაღებია, მაგრამ მარხვას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, თუმცა ვიცი, რომ მარხვის შენახვა აუცილებელია. ვიცი, რომ ავადმყოფებისთვის ეკლესია გამონაკლისებს უშვებს და ბევრ რამეს პატიობს, მაგრამ მე მაინც არ ვპატიობ ჩემს თავს იმას, რომ მარხვას ვერ ვინახავ. რა ვქნა, ძალიან განვიცდი, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, რომ არ შემიძლია. გული მაწუხებს, ასაკიც მომემატა, წყლული მაქვს, ყველაფრის ჭამა არ შემიძლია, ამიტომ მინდა შენდობა ვითხოვო. ჯვარი არ მაქვს დაწერილი და სულ ამას მეჩხუბება ჩემი მეუღლე. ჯვრისწერის კი არ მეშინია, რისი უნდა შემეშინდეს, უბრალოდ, არ მოხდა ისე, რომ ჯვარი დაგვეწერა. წელს 80 წელი შემისრულდა, მაინც მრგვალი თარიღია და შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ამ სიბერეში ჯვარი დავიწეროთ. თუ კარგად გავხდები, მაშინ დავიწერ ჯვარს. ალბათ მერე ჩემი შვილებიც ღვთის წინაშე კანონიერები იქნებიან, ალბათ ახლა უკანონოები არიან, არა? ამ საკითხზე აუცილებლად ვიფიქრებ, როგორ გამომრჩა, არ ვიცი, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ამაზე სერიოზულად დავფიქრდები. თუ ეკლესიაში ვერ წავედი, სახლში მოვიყვან მოძღვარს და ალბათ სახლში დავიწერ ჯვარს. იმაზე არასდროს მიფიქრია, რომ ეს ავადმყოფობა ჩემი სასჯელია, მაგრამ გამორიცხული არაფერია. შეიძლება დავაშავე და ახლა ვისჯები. ანგელოზი ამქვეყნად არავინ არის, ცოდვები მეც მაქვს. ვცდილობ, ვიყო კეთილი, სხვას შეძლებისდაგვარად დავეხმარო, არავისი შემშურდეს და ცუდი არ გამიხარდეს. მგონია, რომ თუ ამას კარგად ვახერხებ, უკვე ერთი ნაბიჯი წინ მაქვს გადადგმული.

***

ჩვენს უწმინდესს ახლოს ვიცნობ. ჩვენს თეატრში მოდის ხოლმე ძალიან ხშირად. ყველა ღონისძიებაზე, რაც ჩვენს თეატრს შეეხება, ჩვენი პატრიარქი სულ მობრძანდება, არ ტოვებს არცერთ მათგანს. ჩვენი უწმინდესი ძალიან კარგი, საოცარი ადამიანია, მას ყველა უყვარს და ჩვენც მას უნდა მივბაძოთ და ერთმანეთი გვიყვარდეს. ბევრი ამბობს, რომ ჩვენი პროფესია ცოდვაა. ცოდვათა ჩამონათვალში თუ იყო ჩემი პროფესია, ნამდვილად არ მეგონა. მოწამე კაცი ვარ, მაგრამ არ ვთვლი მსახიობობას ცოდვად. ჩემთვის უფლის განსაკუთრებული წყალობა და სასწაული ის არის, რომ ჩემს ხალხს, ჩემს ქართველებს ვუყვარვარ. მათ სითბოს და დადებით ემოციებს ყოველთვის ვხვდები და ეს კიდევ უფრო მახალისებს და სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს.

გააზიარეთ

 
...