ეროსი მანჯგალაძე – კაცი უდიდესი ტკივილით

3 მარტი, 2015

erosi55555ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეულ მსახიობს ეროსი მანჯგალაძეს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული ხვდა წილად. მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო, რადგან ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა. ბაზარში სიარულს ერიდებოდა, გამყიდველები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ. მსახიობის ავტომობილს მილიცია მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ მას გასაუბრებოდნენ.

ამბობენ, რომ რეალურ ცხოვრებაში ეროსი მანჯგალაძე იმდენად მორცხვი და მორიდებული ადამიანი იყო, რომ ლაპარაკის დროს თანამოსაუბრეს თვალებს ვერ უსწორებდა. ზედმეტი ყურადღებისგანაც თავს უხერხულად გრძნობდა და იბნეოდა.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ბევრ ტკივილთან მოუწია გამკლავება, მაგრამ ამით არავინ შეუწუხებია. ის ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა და სხვისი პრობლემენის მოსაგვარებლად არავის შეწუხებას არ ერიდებოდა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს მსახიობის ცხოვრებიდან, რომელიც მისმა დამ ბელა მანჯგალაძემ გაიხსენა:

***

ეროსიმ პირველი როლი 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სოფლის სკოლაში დაიდგა, კურდღელს თამაშობდა. თეთრი კოსტიუმი ეცვა, თავზე დიდი ყურები ეკეთა და სცენაზე დახტოდა. მისი თამაში ყველას მოეწონა. როცა სოფლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით, წარმოდგენებზე ხშირად დავდიოდით. ჩვენს ოჯახში თეატრი ძალიან უყვარდათ. ახალგაზრდობაში ეროსის არასოდეს უფიქრია, რომ მსახიობი გამოვიდოდა. ჯერ მათემატიკოსობა უნდოდა. შემდეგ სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ სამხედროთა პროფესია კი არ იზიდავდა, ოფიცრების ფორმა მოსწონდა. იმ პერიოდში სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს საყელურებზე ატარებდნენ. ოფიცრებს სხვადასხვა ზომისა და ფერის რომბები ჰქონდათ მიკერებული. ეროსის ეს რომბები მოსწონდა და თვითონაც სურდა მათი ტარება. ეროსი მე–10 კლასში იყო, როცა მის სკოლაში რუსთაველის თეატრის მსახიობებმა “რღვევა” დადგეს. ეროსიმ ისე კარგად ითამაშა, რუსთაველის თეატრის მსახიობები კი მისი თამაშით აღფრთოვანდნენ და მამაჩემს უთხრეს, ეს მსახიობი უნდა გამოვიდესო. ეროსიმ სამხედრო ექიმობაზე ფიქრი შეწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.

***

17 წლის იყო, როცა რადიოკომიტეტში დიქტორების კონკურსი გაიმართა. 32 კონკურსანტს შორის ჩემმა ძმამ გაიმარჯვა და რადიოში დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ის ოჯახის უფროსი გახდა. მამა უკვე დაჭერილი იყო, დედა ლოგინად ჩავარდნილი, ამიტომ ოჯახზე ეროსი ზრუნავდა. რადიოკომიტეტში მუშაობის გამო, თეატრალურ ინსტიტუტში ლექციებს ხშირად აცდენდა. საკუთარი ნიჭის წყალობით მან სცენაზე ადგილის დამკვიდრება მესამე კურსიდან შეძლო. გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის “მდაბიონი” დადგა. ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა, თუმცა მისი სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ შედგა სპექტაკლში “ღრმა ფესვები”. იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა, სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთი სახელიაო. მოდით, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლის თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა. აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს.

***

ეროსიმ ბინა თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მიიღო. ეს ის ცნობილი კორპუსი იყო, სადაც რუსთაველის თეატრის მსახიობები ცხოვრობდნენ. ჩემი ძმა იმ ბინაში გადავიდა და სიცოცხლის ბოლო წლები იქ გაატარა. ეროსი მარტო ცხოვრობდა. მას არც მეუღლე ჰყავდა და არც შვილი. ლენა ყიფშიძესთან მისი ქორწინება ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. ეროსი სახლში მარტო ვერ ძლებდა. მის გვერდით ვინმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით მაშინ უჭირდა, როდესაც სპექტაკლი არ ჰქონდა. მისი საყვარელი გართობა მეგობრებთან ბანქოს და ნარდის თამაში იყო. თამაში აუცილებლად ეროსის უნდა მოეგო, თუ არადა, ცუდ ხასიათზე დგებოდა. მეგობრებმა ეს იცოდნენ და მისგან შეუმჩნევლად ისე აკეთებდნენ, რომ მასპინძელი ყოველთვის მოგებული ყოფილიყო. მეგობრებთან საღამო ტრადიციულად სუფრასთან გრძელდებოდა. საკუთარ სახლში თამადა ყოველთვის თვითონ იყო. ნებისმიერი სადღეგრძელო მისთვის იმპროვიზაციისა და მხატვრული კითხვის მაგალითს წარმოადგენდა. სადღეგრძელო მხოლოდ ღვინის სმად არ მიაჩნდა, თავისი ფილოსოფია ჰქონდა: “შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებული, შევარცხვინე ის სიტყვა, რომელიც ჭიქის პირისკენ წაღებამდეა გაფიქრებული, ვენაცვალე იმ სადღეგრძელოს ჭიქის ხელში აღებისას რომ არის ჩამოსხმული, ჭიქასთან ერთად რომ არის აწეული და ჭიქასთან ერთად რომ არის ჩაფიქრებული.” ეს ბინა ეროსის მეგობრებისათვის ერთგვარი კლუბი იყო. ის სტუმართმოყვარე იყო, მაგრამ ერთი თავისებურება ჰქონდა, სტუმრებს თავის სახლში მხოლოდ ღამის 11 საათამდე აჩერებდა. ღამე რეპეტიციებს გადიოდა და განმარტოება სჭირდებოდა.

***

ეროსის სიბნელის ეშინოდა, ბნელში ძილი არ უყვარდა, ამიტომ საძინებელ ოთახში სინათლე დღე და ღამე ენთო. მას სიკვდილის განსაკუთრებულად ეშინოდა. ორ ოთახიან ბინაში ყველგან წამლები ეწყო, საძინებელში, სამზარეულოში, დიდ ოთახში. ერთადერთი ადგილი ალბათ მაცივარი იყო, სადაც სამედიცინო პრეპარატებს არ ინახავდა. სიცოცხლეში ჯიბეები სულ წამლებით ჰქონდა სავსე. ფიზკულტურას არასოდეს მისდევდა. უფრო წამლების სჯეროდა. მარტოობას ეროსი ტანგოსთან ერთად ატარებდა. ტანგო იაპონური ჯიშის ძაღლი იყო და ის ქვეყანას ერჩია. ძაღლი მას მოსკოვში აჩუქეს. ბავშვობაში ეროსის სოფელში საყვარელი ძროხა ჰყავდა, რომელსაც ტანგო ერქვა, ძაღლსაც ეს სახელი სწორედ ძროხის გამო დაარქვა.

***

როცა ლენა ყიფშიძე შეირთო ცოლად, 37 წლის იყო. ერთ თეატრში თამაშობდნენ და ერთმანეთი შეუყვარდათ. აკაკი ხორავამ ეროსი გააფრთხილა კიდეც, ლენას ყურადღება, მოვლა სჭირდება და აბა, შენ იციო. ლენა ძალიან კარგი გოგო იყო, კარგი პიროვნება, მაგრამ რატომღაც მისი და ეროსის ურთიერთობა ვერ აეწყო. მათი ოჯახი 3 თვეში დაინგრა. არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, რის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორებას ორივე ძალიან განიცდიდა. ასეთი უიღბლობის შემდეგ ეროსის ოჯახის შექმნაზე აღარ უფიქრია. ყველა ურჩევდა, კიდევ შეერთო ცოლი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ჩემი ძმა სულ სხვანაირი იყო, მას სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეეძლო. თეატრალური ინსტიტუტიდან რუსთაველის თეატრში როგორც გაუშვეს, იმ დღიდან ლენა უყვარდა და ამქვეყნიდანაც მასზე შეყვარებული წავიდა. არ ვიცი ლენასაც ასე უყვარდა თუ არა, მაგრამ მახსოვს, როცა ეროსი გარდაიცვალა და თეატრში დაასვენეს, საპატიო ყარაულში ლენაც იდგა.

***

ეროსის წინათგრძნობა ჰქონდა. გარდაცვალების დღეს, თავისი ორი მეგობრისთვის დაურეკავს, უთქვამს, ჩემთან ამოდითო. ისინიც იქვე ვაკეში ცხოვრობდნენ და ასულან. მათ ნარდის თამაში დაიწყეს, ეროსი კი წამოწვა. მერე წამოდგა და მეგობრებს უთხრა, ჩაის გავაკეთებ და დავლიოთო. ბიჭებმა უთხრეს, ჩაი არ გვინდა, იწექი, ნუ ადგებიო. ის მაინც ადგა და სამზარეულოში შევიდა. როგორც კი ჩაიდანი ცეცხლზე დადგა, მაშინვე წაიქცა. მისი გადარჩენა ვეღარ შევძლით, გულმა უმტყუნა. 57 წლის იყო, როცა მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ დღეს რობიკო სტურუას მამის გასვენებაზე იყო. იქიდან პოლიკლინიკაში წავიდა, რადგან გული აწუხებდა. იქ მისულს თავისი მკურნალი ექიმის ნაცვლად სხვა დახვდა, რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ექთანმა ეროსის კარდიოგრამა რომ ნახა, არ მოეწონა და ექიმთან შეიყვანა. ის კაცი უკვე პიჯაკს იცვამდა, სახლში ეჩქარებოდა. პაციენტს ყურადღება არ მიაქცია, არც კი გასინჯა. მხოლოდ ერთი წამალი ჩაუდო გულისჯიბეში და უთხრა, როცა დაგჭირდება, დალიეო. ჩემი ძმა სწორედ იმ საღამოს გარდაიცვალა. ეროსის მიცვალებული სადაც იყო, იმ ოთახში შესვლის ეშინოდა. ყველა პანაშვიდზე წავიდოდა, მაგრამ მაღლა ვერ ადიოდა, ეზოში იდგა. ჩემს ძმას სიკვდილის შიში ყოველთვის ჰქონდა. როცა გარდაიცვალა, მისი სახლის ყველა კუთხეში წამლები ვიპოვეთ. ალბათ ფიქრობდა, უცებ ცუდად თუ გახდებოდა, ის წამლები უშველიდა. ეროსი გამორჩეულად ნიჭიერი იყო, თავის პროფესიაში დიდ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ამქვეყნიდან ყველა ახლობელზე შეყვარებული წავიდა და თან საყვარელი ქალის დიდი სიყვარული წაიღო.

გააზიარეთ

 
...