გზავნილი თანამედროვე მშობლებს

22 მარტი, 2015

letter-with-pen7XXI საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა. დრო ისე აჩქარდა, რომ ადამიანებს 24 საათიც აღარ ყოფნით არათუ საქმეების მოსასწრებად, არამედ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. მშობლები ბევრს მუშაობენ და ხშირად ვერ იცლიან თავიანთი შვილებისთვის.

ამბავი, რომელსაც “არტინფო” წარმოგიდგენთ, სწორედ ამაზეა.

“სკოლის მასწავლებელმა თავის მესამეკლასელ მოსწავლეებს თავისუფალი თემა მისცა დასაწერად და მასში საკუთარი სურვილების აღწერა სთხოვა. ბავშვებმა თემა დაწერეს და რვეულები მასწავლებელს ჩააბარეს.

სახლში მისულმა მასწავლებელმა ნამუშევრების გასწორება დაიწყო. ყველა ბავშვს სხვადასხვა სურვილი ჰქონდა, თუმცა ერთმა თემამ მასწავლებელი ყველაზე მეტად დააღონა და დააფიქრა. მან ეს ნაწერი რამდენჯერმე გულმოდგინედ და დიდი ყურადღებით გადაიკითხა და თვალები ცრემლებით აევსო. მასწავლებელი მასში შეცდომებს კი არ ეძებდა, არამედ ბავშვის სურვილის ბოლომდე ჩაწვდომას ცდილობდა.

ოთახში მისი მეუღლე შემოვიდა და აღელვებულ ცოლს ჰკითხა:

– რა მოხდა, რატომ ხარ ასეთი აღელვებული?

– აი, გთხოვ, ეს თემა წაიკითხე, – მიაწოდა რვეული მასწავლებელმა.

“დიდი და განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობ, რამდენიმე დღით კომპიუტერად მინდა გადავიქცე. ძალიან მინდა, რომ ჩემი მშობლები დღეში იმდენ დროს მითმობდნენ, რამდენსაც კომპიუტერს. მინდა მისმენდნენ, აინტერესებდეთ ჩემი ამბები, ჰქონდეთ ჩემთან საუბრის სურვილი და მისმენდნენ ბოლომდე, ისე, რომ საუბარი არ შემაწყვეტინონ. მინდა მამიკო, რომელიც საღამოს სახლში მოვა, მკითხოს რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო. დედიკო, კი როცა მოწყენილია, მოვიდეს ჩემთან. მინდა ჩემითაც ისე ხარობდნენ, როგორც ახალი კომპიუტერით, რომელსაც ჩვენს სახლში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია. ძალიან, ძალიან მინდა ცოტა ხნით ნებისმიერი კომპიუტერის ცხოვრებით ვიცხოვრო.”

– საწყალი ბავშვი… და მაინც, რატომ არსებობენ ასეთი მშობლები? – დაინტერესდა მამა.

მასწავლებელმა ცრემლიანი თვალებით შეხედა მეუღლეს და უპასუხა:

– ძვირფასო, ეს თემა ჩვენმა შვილმა დაწერა.”

გააზიარეთ

 
...