ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა

11 მარტი, 2015

aa7კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას სახელთან უამრავი დაუვიწყარი სიმღერაა დაკავშირებული, თუმცა “ზღაპარი სიყვარულისა” მისი სავიზიტო ბარათია. ანსამბლ “ივერიას” შემოქმედებითი კარიერა, წარმატებები და საყოველთაო აღიარება, სწორედ ამ ხელოვანის და ივერიელების თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

“არტინფო” წარმოგიდგენთ საინტერესო ისტორიებს მისი ცხოვრებიდან:

***

”ჩემი ცხოვრების გზა და არჩევანი ჩემმა მშობლებმა და ოჯახმა განსაზღვრა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ოჯახში იზრდები. არ ვიცი, შემოიღეს თუ არა სკოლებში რელიგიის სწავლება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ბიბლია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. ამერიკაში ან საფრანგეთში, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებში, სასტუმროში ნომერი არ არის, რომ ბიბლია არ იდოს. ჩემი შვილიშვილი სწავლობდა ამერიკაში და ერთი წელი ბიბლია იყო საგანი. თუ არ ჩააბარებდა, ისე ვერ დაამთავრებდა უმაღლესს. ჩვენ რითი ვართ მათზე ნაკლები? ქრისტიანობა ხომ სიყვარულს და მორჩილებას ქადაგებს? თუ ასე არ იცხოვრე, თუ ბავშვობიდანვე არ შეისისხლხორცე უფლის სიყვარული, მაშინ რა გამოვა? ჩვენ, ქართველებმა, თუ სწორი ცხოვრებით არ ვიცხოვრეთ, რანი ვიქნებით? განა 2.000 წელი ამიტომ ვარსებობდით, რომ ქრისტეს მცნებები არ დავიცვათ? ჩვენი წინაპრები სწორედ მართლმადიდებლობას ეწირებოდნენ და დღემდე მათმა თავგანწირულმა ბრძოლებმა მოგვიყვანა. ჩემზე არანაირად არ უმოქმედია რეჟიმების ცვალებადობას. როგორც მწამდა კომუნისტების დროს, ასე ვარ ახლაც. ჩემთვის კომუნისტების ეპოქაში არაფერი იყო აკრძალული. თავისუფლება არ არის ადვილი, მაგრამ თუ შეძლებ და მოინდომებ, ამასაც მიაღწევ. ადამიანი, რომელიც უფალმა შექმნა, არ უნდა იყოს არავის მონა. კომუნისტების პერიოდში ცხვრებივით ვიყავით, იმას ვაკეთებდით, რასაც გვეტყოდნენ. კომუნისტურ პერიოდზე მეტად, ჩემზე ახლანდელი მდგომარეობა მოქმედებს. არ შეიძლება ასე გაუთავებელ ჩოჩქოლსა და მღელვარებაში ცხოვრება. როდემდე უნდა ჭამონ ქართველებმა ერთმანეთი? განა რა ძალა აქვს ამ სკამს, რომ ერთმანეთს აღარ ინდობენ? სამწუხაროდ, ვერ ვატყობ ჩვენს პოლიტიკოსებს ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვას. ამას უფრო პატრიოტობანას თამაშს დავარქმევდი. პატრიოტი ის არის, ვინც აძლევს თავის ქვეყანას ყველაფერს, რაც მას არ ეკუთვნის. ასეთებს ვერ ვხედავ და ამიტომ აღარავისი მჯერა. ტყუილით ცხოვრობენ, ყველაზე საშინელი მდგომარეობა კი სწორედ ეს არის, ტყუილით ცხოვრება. მერე გარბიან უწმინდესთან, არიქა, გვიშველეო, მაგრამ ბოლოს მაინც ისე აკეთებენ, როგორც თავად უნდათ. ეს არ არის სწორი. ხალხიც უკვე გაგიჟდა და გაწამდა, აღარ იცის, რა ქნას, ამიტომაც მიაწყდა ამდენი მრევლი ეკლესიებს. ხალხი სწორედ ტაძარში ეძებს შვებას, სიმშვიდეს და სითბოს. ეკლესიაში მიმავალ თითოეულ ადამიანს რაღაცის იმედი აქვს. უიმედო ადამიანი დაღუპულია.”

***

”ჩემი მოღვაწეობის მანძილზე არასდროს მიმღერია არც პარტიისთვის და არც მთავრობისთვის. ჩემთვის მთავარია ხალხი, საქართველო, სიყვარული და მეგობრობა. ანსამბლი “ივერია”, როგორი მაგარი რეპერტუარიც უნდა ჰქონოდა, ღვთის წყალობის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. უფლის იმედი თუ არ გაქვს ადამიანს, ყველაფერი დაკარგულია. როცა ხელოვანი ხარ, თუ ღვთისნიერი არ ხარ, ნულია შენი ფასი. მთავარია ადამიანობა და ღვთის წყალობა, რომელიც თითოეულ მორწმუნეზე სხვადასხვანაირად გადმოდის. სახლში ათასობით წერილი მაქვს, რომლებიც განუწყვეტლად მომდიოდა. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არაფერია. ბევრს მოუწერია, თქვენმა სიმღერამ ქალი შემაყვარა და ცოლად მოვიყვანეო. ეს მართლა უდიდესი სიხარულია. ის სიკეთე, რომელიც ჩემს სიმღერებში იყო ჩადებული, უკან დამიბრუნდა და დღესაც ვღებულობ. რელიგია და რწმენა ნებისმიერი ადამიანისთვის სათუთი და მნიშვნელოვანი თემაა. თავის ქებას არ დავიწყებ და ყველაფერს გულწრფელად გეტყვით. ფიროსმანივით ვარ, ეკლესიაში წელიწადში ერთხელ დავდივარ. ჩემი მეუღლე უფრო ხშირად დადის, ის ყოველ კვირას ტაძარშია, მე რატომღაც არ ვარ ეკლესიური. ნეტა, ყველას ისე სწამდეს ღმერთი, როგორც მე მწამს. ჩემთვის მთავარი არ არის ის მომენტი, რამდენად ხშირად ვივლი ტაძარში. მთავარია, დავიცვა ათი მცნება, შევასრულო უფლის მითითებები და ვიცხოვრო ცხოვრების იმ წესით, რაც დაგვიდგინა უფალმა, რასაც გვიქადაგებენ და გვასწავლიან.”

***

”ჩემთვის მოძღვარი არ არის აუცილებელი. არ მჭირდება შუამავალი ღმერთთან, მივალ ხატთან და ჩემით მოვინანიებ. წესიერი ცხოვრებით თუ იცხოვრებ, უკვე ქრისტიანი ხარ. განმარტებები არ მჭირდება, ყველაფერს ჩემით ვუმკლავდები. ასე რომ არ იყოს, აქამდე როგორ მოვიდოდი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დაწყობილი და დალაგებული არ მქონია. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. კმაყოფილი ვარ ყველაფრით ღმერთის. 18 წლის ვიყავი, შვილი რომ გამიჩნდა, 38 წლის უკვე ბაბუა ვიყავი. ჩემი შვილიშვილი ახლა 28 წლისაა. სასულიერო პირებთან მეგობრობა მირჩევნია. ადამიანი ამაშიც თავისუფალი უნდა იყო, თუ გინდა, გეყოლება მოძღვარი, არ გინდა და – არა. შინაგანი განაწესი უნდა გქონდეს, რომ განსაზღვრო, როგორ იცხოვრებ. საეკლესიო რიტუალები ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. ეს ხალხს სჭირდება, იმიტომ, რომ ბევრია ნაკლებმორწმუნე, ბევრია, რომელმაც არ იცის, რა უნდა აკეთოს, როგორ მოიქცეს. ზოგი სასოწარკვეთილია, თავის გრძნობებს ვერ აკონტროლებს, ან სიდუხჭირეს ვერ ერევა და შველას ითხოვს. ამ მხრივ საეკლესიო რიტუალები ადამიანს საოცრად ეხმარება, შვებას გრძნობს და იმედის გრძნობა უჩნდება. სამწუხაროდ, ადამიანებს მაშინ ახსენდებათ ღმერთი, როცა უჭირთ. მორის ფოცხიშვილის აფორიზმებს ვკითხულობდი და საოცარი რამ წავიკითხე: “როცა გიჭირდა, სულ მახსენებდი, კარგად რომ ხარ, რატომ არ მიგონებ”. ღმერთი სულ უნდა გახსოვდეს, მისი მადლიერი უნდა იყო.”

***

”ჩემდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ გია ბაღაშვილი ჩემი ნათლულია. ჩემი მონათლულია რეჟისორი ევგენი გინზბურგი, რომელიც ებრაელია. არ ვიცი რატომ მოისურვა მარფთლმადიდებლობა. ერთ დღეს მითხრა, შენ უნდა მომნათლოო. მივედი პატარა სამებაში და ვკითხე მოძღვარს, ებრაელი კაცი მთხოვს ნათლიობას, მისი დაბადების დღეა და შეიძლება მოვნათლო-მეთქი. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლიაო და ასე გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი ჟენია გინზბურგი. მთელი რიტუალი ჩავატარეთ. ახლაც რომ მხედავს, მამას მეძახის. მთლიანობაში ბევრი ნათლული არ მყავს, მაგრამ როცა ადამიანი მთხოვს, უარს ვერ ვეუბნები. ჩემი კვინტეტის ერთ-ერთ წევრს სულ ახლახანს შეეძინა შვილი, რომელიც მოვნათლე. ჩემი მეგობრის შვილის ნათლია ვარ, რომელიც ახლა ისრაელში ცხოვრობს. ნათლიობა ისეთი რამ არის, როცა ადამიანი გთხოვს, უარს ვერ ეტყვი, არ გაქვს ამის უფლება. ვიცი, რომ ნათლიამ ნათლულს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს. კარგი ნათლია ნათლულის მაგალითი ხდება. როგორ უნდა თქვა უარი ნათლიობაზე, როცა მეგობარი გთხოვს, მისი პატარა გააქრისტიანო?”

***

”მთელი ჩემი შემოქმედებითი წარმატებები და ანსამბლ “ივერიას” თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პოპულარობა უფლის წყალობად მიმაჩნია. განსაკუთრებული სასწაულები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, ალბათ არ ვარ ამის ღირსი, თუმცა ნებისმიერი წარმატება ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი პატარა სასწაულია. როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვკითხულობ წმიდა წერილებს, რაც უფრო ასაკში შევდივარ, უფრო ვუღრმავდები რელიგიის საკითხებს და მეტი და მეტი მაინტერესებს. საგალობელი არასდროს დამიწერია, მაგრამ დავწერე სიმღერა “სანთელი” თემურ ჩალაგაშვილის ამავე სახელწოდების ლექსზე ჩემი კვინტეტისა და თემურ წიკლაურისთვის. სიმღერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ მოისმინა, დაგვლოცა და კურთხევაც მოგვცა მისი საჯაროდ გამომზეურებისა.”

***

”ჯერ არ მივსულვარ იმ ეტაპამდე, რომ მიუზიკლი დამეწერა რომელიმე წმინდანზე ან თუნდაც მაცხოვარზე. ალბათ შინაგანი მომზადება და სულიერი განწყობა მჭირდება. ორთოდოქსული მომენტები ჩვენს ეკლესიაში ხშირია. დოგმაში უნდა ჩაეტიო, თუ არადა, უკვე პრობლემები გექმნება. ხელოვნებას, სამწუხაროდ, ვერ ჩასვამ დოგმაში. რატომ არ გვაქვს უფლება ხელოვანებს, ჩვენი შეხედულება გამოვხატოთ ჩვენი პროფესიით თუნდაც რელიგიაზე?! “ივერიამ” მოიარა მსოფლიო, ეკლესიებში გვიმღერია პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიაში, სად აღარ ვართ ნამყოფი. ვყოფილვართ ვატიკანში, იერუსალიმში. ალბათ ნებისმიერი ადამიანი უნდა გაეცნოს ბუდიზმსაც, იუდაიზმსაც, ისლამსაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რწმენა მიიღო. თავიდან ეს ყველაფერი ზღაპარი მეგონა. ჩვენ ხომ ათეისტურად გვზრდიდნენ. პირველად რომ ისრაელში მოვხვდი, ვერ ვიჯერებდი, ზღაპარი მეგონა. იმდენად ძლიერია იმ მიწის მადლი, რომ ვნახე ქრისტეს დაბადების ადგილი, მისი ჯვარცმის ადგილი, ღვთისმშობელ მარიამის სახლი, გოლგოთა, მერე მივხვდი, რომ ყველაფერი მართალი ყოფილა. იერუსალიმი საოცარი ადგილია, იქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, იმდენად შემძრა იქაურობის ახლოდან ხილვამ, ცრემლიც კი მომერია.”

გააზიარეთ