5 წიგნი, რომელიც სიცოცხლეს შეგაყვარებთ

12 თებერვალი, 2015

5-books-small898989898989 სიტყვა ყველაზე ძლიერი იარაღია. კეთილი სიტყვის მარცვალი, რომელიც ნოყიერ მიწაში ირგვება, ყველაზე სასარგებლო ნაყოფს იძლევა და თაობებს მუხტავს დადებითი მუხტით ან პირიქით, სულელური სიტყვა შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს.

როცა ცხოვრება ჩიხში შეგიყვანს და თითქოს გამოსავალიც აღარსადაა, გამოიჩინე სიმამაცე. ის გიკარნახებს როგორ უნდა მოიქცე, თუმცა ამ დროს ყველაზე უპრიანია, თუკი წაიკითხავ იმ 5 წიგნს, რომელიც სიცოცხლეს თავიდან შეგაყვარებს და სიტყვის ძალაშიც დაგარწმუნებს.

მაშ ასე, “არტინფო” გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც ყველანაირი პრობლემის დაძლევაში და სიცოცხლის მშვენიერების აღქმაში დაგეხმარებათ.

1. სესილია ახერნი “P.S. მე შენ მიყვარხარ”

ნებისმიერი ჩვენთაგანი აღიარებს, რომ სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია. სწორედ ამას გვასწავლის ირლანდიელი მწერლის ბესტსელერიც. ნაწარმოების 30 წლის გმირი ჰოლი კარგავს მეუღლეს და დეპრესიაში ვარდება. სამწუხაროდ, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ბევრი ადამიანისთვის არის ცნობილი. ასეთ დროს არავის დანახვა და არაფრის გაგონება არ გინდა. მოულოდნელად, ჰოლი იღებს წერილებს, თუმცა თვეში მხოლოდ ერთის წაკითხვა შეუძლია. როგორც ირკვევა, ქმარმა მოიფიქრა როგორ დაეხმაროს საყვარელ ქალს ამ დიდ ტკივილთან გამკლავებაში და ცხოვრების გაგრძელებაში. თავის წერილებში ის ჰოლის ნაბიჯ-ნაბიჯ აძლევს ინსტრუქციას, რომ ცხოვრება შეიყვაროს და ტკივილს არ დააჩაგვრინოს თავი. ნაწარმოების მთავარი გმირიც სულმოუთმენლად ელოდება ყოველი თვის პირველ რიცხვს, რომ ახალი წერილი მიიღოს.

2. ერლენდ ლუ “მულეი”

ნორვეგიელი მწერლის და სცენარისტის ეს ნაწარმოები საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელია: კარგია დედაქალაქში დიდ და მყუდრო სახლში ცხოვრება, მაგრამ როგორია როცა 18 წლის ხარ და შენი მშობლები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ? საჭიროა, მალე გაიზარდო და დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლო. გარდაცვალებამდე მშობლებმა მოასწრეს და მთავარ გმირს იულიას ესემესი გაუგზავნეს, რომელიც გოგონას ცხოვრებისკენ აბრუნებს და სიცოცხლის გაგრძელებისკენ უბიძგებს წარუმატებელი სუიციდის მცდელობის შემდეგ. ნაწარმოების გმირი მიემგზავრება ოსლოდან და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ თვიმფრინავის საჭესთანაც აღმოჩნდება.

3. მარკ ლევი “ყველას უნდა სიყვარული”

ცნობლი ფრანგი მწერლის მარ ლევის რომანები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და 30 ენაზეა თარგმნილი. მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციის უფლებების მოსაპოვებლად მსოფლიოში ცნობილი რეჟისორები მზად არიან, სოლიდური თანხებიც გადაიხადონ. “ყველას უნდა სიყვარული” უკვე ეკრანიზებულია და მაყურებლის მოწონებითაც სარგებლობს. ნაწარმოები მკითხველს ასწავლის, რომ თუკი სიყვარული ჭეშმარიტი და ძლიერია, მას ყველანაირი სირთულის გადალახვა და დაძლევა შეუძლია და თანაც ისე, რომ სხვასაც ბედნიერება მიანიჭოს.

4. ანა გავალდა “უბრალოდ ერთად”

თანამედროვე ფრანგი მწერლის ანა გავალდას ეს ნაწარმოები 2004 წელს გამოვიდა, სამი წლის შემდეგ კი მისი ეკრანიზაცია განხორციელდა, სადაც სცენარისტი თავად ანა გავალდა იყო. ნაწარმოების დასაწყისში ყურადღების ცენტრშია წყვილი – ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებმაც ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. მოულოდნელად მათ ცხოვრებაში ჩნდება მესამე პიროვნება – მზარეული და მის მიმართ გოგონას სიმპათიები უჩნდება.

5. ფენი ფლეგი “კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, პატარავ”

ფენი ფლეგის ეს ნაწარმოები 2014 წელს ამერიკაში საუკეთესო რომანად დასახელდა. ნაწარმოებში “კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, პატარავ” პატარა – ეს არის გოგონა, რომელსაც უცნობი მიზეზების გამო მშობლიური ქალაქიდან გაქცევა მოუწია. 3 წლის შემდეგ ნაწარმოებში ჩნდება წარმატებული ქალბატონი აწყობილი კარიერით, რომელიც ტელევიზიაში წამყვანად მუშაობს, მაგრამ ვინ არის ის: წარმატებული და ბედნიერი ტელეწამყვანი თუ ისევ ის პატარა დაბნეული და შეშინებული გოგონა, რომლის წარსულიც ბურუსით არის მოცული?

გააზიარეთ

 
...