13 ოქროს წესი კითხვის შესაყვარებლად

8 თებერვალი, 2015

kitxva2მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა და კომპიუტერი აქტიურად შემოიჭრა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, წიგნი მაინც შეუცვლელია. თითოეულმა მშობელმა თავიდანვე უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მისმა პატარამ კომპიუტერთან უსასრულო დროით თამაშს ან თუნდაც ტელევიზორის ყურებას, წიგნების კითხვა ამჯობინოს.

იმისთვის, რომ ბავშვებს წიგნის კითხვა შეაყვაროთ, “არტინფო” რამდენიმე სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებს:

1. როცა თქვენი ბავშვისთვის წიგნს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ შრიფტს და ილუსტრაციებს. ბავშვებს ყველაზე მეტ სიამოვნებას ისეთი წიგნის კითხვა ანიჭებთ, რომელშიც მეტი ილუსტრაციაა, რადგან ის ეხმარება მათ წარმოსახვის გაძლიერებაში და წაკითხულის შინაარსის გააზრებაში. ყველაზე კარგია, თუ ბავშვებს წააკითხებთ წიგნებს, რომლებშიც დიდი შრიფტია გამოყენებული და თითოეულ გვერდზე ბევრი ტექსტი არ წერია. არ დაგავიწყდეთ, ნაწარმოების სიუჟეტიც, ის თქვენი ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს.

2. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბავშვისთვის კითხვა სიამოვნებასთან უნდა ასოცირდებოდეს. არასოდეს დააძალოთ ბავშვს წაკითხვა, შეუქმენით მას ისეთი გარემო, რომ თვითონ მოუნდეს კითხვა.

3. იმისთვის, რომ კითხვა თქვენს ბავშვებს ტანჯვად არ ექცეთ, ტექსტის კითხვას ეტაპობრივად მიაჩვიეთ და დაიწყეთ ეს მაშინვე, როგორც კი ის ყველა ასოს შეისწავლის. თავიდან კარგია, თუ წიგნებს თქვენ წაუკითხავთ, ის კი გაგონილის აზრს გადმოგცემთ, ნელ-ნელა ის შეძლებს პატარ-პატარა ეპიზოდების წაკითხვასაც, ამაში, რა თქმა უნდა, მას თქვენი დახმარება დასჭირდება, ერთი აბზაცი თქვენ წაიკითხეთ, ერთი აბზაცი მას წააკითხეთ.

4. მიუხედავად იმისა, როგორ წაიკითხა ბავშვმა, ის აუცილებლად შეაქეთ. სანამ ის თქვენი შექებით ტკბება, თქვენ შეგიძლიათ ამის “ისარგებლოთ” და წასაკითხი ტექსტები ნელ-ნელა გაუზარდოთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენი ბავშვი არასდროს გეტყვით წიგნის კითხვაზე უარს.

5. არასდროს შეწყვიტოთ ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება მას თავადაც შეუძლია. ის შეძლებს გაიგოს ბევრი სასარგებლო რამ თქვენი წაკითხულიდან, გარდა ამისა, ბავშვი დიდ სიამოვნებას მიიღებს თქვენთან კონტაქტით.

6. კითხვის დროს, აუცილებლად შედით როლში, შეიცვალეთ ხმები პერსონაჟების მიხედვით, გაითამაშეთ სცენები, დასვით ლოგიკური აქცენტები. თქვენს მაგალითზე ბავშვიც ისწავლის კითხვის დროს საკუთარი ემოციების წარმოჩენას.

7. მიეცით ხმამაღლა კითხვას ჯილდოს დატვირთვა. თუ ბავშვი ცუდად იქცევა, უთხარით, რომ საღამოს ხმამაღლა აღარ წაუკითხავთ. ასეთი მეთოდით თქვენ ბავშვს მიახვედრებთ, რომ ცუდად მოქცევის გამო დაისჯება და თან თქვენს მიერ წაკითხულსაც მოაკლდება. ასეთ შემთხვევაში წიგნის კითხვის რეიტინგი მის თვალში აუცილებლად აიწევს.

8. თუკი თქვენი ბავშვისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომა წესად არის ქცეული, ეცადეთ მას ამაში სხვა ხერხით “შეეჯიბროთ”. მაგალითად, რა მულტფილმსაც თქვენმა ბავშვმა უყურა, თქვენც სწორედ ის წიგნი მიუტანეთ, რომლის მოტივებზეც ეს მულტფილმი შეიქმნა და აუცილებლად წაუკითხეთ. შემდგომში ამ მულტფილმს თქვენ და თქვენმა პატარამ წიგნთან ერთად უყურეთ და შეეცადეთ ბავშვის კონცენტრირება მოახდინოთ არა ეკრანზე, არამედ წიგნში დახატულ ლამაზ და მხიარულ ნახატებზე. მულტფილმის ყურების და წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეადარეთ ბავშვთან ერთად მათი შინაარსი. აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ წიგნებში ესა თუ ის ზღაპარი და ისტორია ყოველთვის გაცილებით კარგად არის მოთხრობილი, ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ.

9. გამოიყენეთ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები. დღეს საკმაოდ ბევრი წიგნია, რომელსაც აუდიოჩანაწერებიც ახლავს თან. ასეთი წიგნების საშუალებით ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა მოუსმინოს პროფესიონალურად გახმოვანებულ ტექსტს და თან წიგნიც დაათვალიეროს. შეგიძლიათ ჩანაწერი თქვენს პატარასაც გააკეთებინოთ. ბავშვები ყოველთვის დიდი სიამოვნებით უსმენენ აუდიოზღაპრებს თავისი შესრულებით.

10. საბავშვო წიგნები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის შესაძლებლობებს, თუ გინდათ, რომ ბავშვს კითხვა არ შეძულდეს და ნაწარმოების მიმართ ინტერესი გამოავლინოს.

11. სულ პატარა ასაკიდან დააჩვიეთ ბავშვები წიგნთან მოპყრობის კულტურას: აუკრძალეთ წიგნებში ხატვა, წიგნების ძირს დაყრა, დააჩვიეთ წიგნების თავის ადგილზე დაწყობას, თან უთხარით, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, წიგნები განაწყენდებიან და სხვა ბავშვებთან წავლენ.

12. როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, რეგულარულად გამონახეთ დრო ბავშვებისთვის და მათთვის წიგნის წასაკითხად. შესთავაზეთ ბავშვს იმ ზღაპრის გაგრძელება, რომლის კითხვაც გუშინ დაიწყეთ. დაიმახსოვრეთ, შეგიძლიათ უარი უთხრათ ბავშვს ეზოში ჩასვლის თხოვნაზე, მაგრამ არასოდეს უთხრათ უარი, თუკი ის წიგნის წაკითხვას გთხოვთ.

13. იკითხეთ თქვენ თვითონაც! ეს უმთავრესია, რომ ბავშვს ინტრესი გაუჩნდეს წიგნისა და კითხვის მიმართ. იკითხეთ ბავშვის თანდასწრებით და თან გამოხატეთ თქვენი ემოციები, სადაც საჭიროა, გაიცინეთ და სადაც საჭიროა, იტირეთ. თქვენი მაგალითი თქვენი პატარასთვის ყველაზე იდეალურია.

გააზიარეთ