15 თებერვალი, 2015

რას წერდა ვერიკო ანჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილზე?

veriko2ვერიკო ანჯაფარიძე იმ ქართველ მსახიობთა რიგს მიეკუთვნება, ვინც გამორჩეულად უყვარს ქართულ საზოგადოებას. მსახიობს კოტე მარჯანიშვილთან მოუწია მუშაობა. ის არასდროს მალავდა, რომ ასეთი რეჟისორები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და მათთან ერთად თეატრში ყოფნა დიდი ჯილდოა.

აი, რას წერდა ვერიკო ანჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილზე:

“ნამდვილი დრამატიზმი, ჭეშმარიტი თეატრალობა, რომელიც გამოხატავს ჩვენს ცხოვრებაში იდეებისა და ხასიათების შეჯახებას, ცოცხალი ისტორიის დაძაბული კონფლიქტები, ტრაგედია, აი, – სად იყო ძლიერი მარჯანიშვილი.

მისი წარმოდგენის გმირები მუდამ მკვეთრად მეტყველნი იყვნენ. ის დაუზოგავად ხარჯავდა თავის წარმატებულ ნიჭს, და მას შეეძლო ასე მოქცეულიყო, რადგან მისი შთაგონების წყარო უშრეტი იყო. მისი მუშაობა მუდამ მაღალი პოეზიით იყო გამსჭვალული, ახალგაზრდული, რომანტიკული პოეზიით, რომელიც შთაგონებული იყო სიცოცხლისადმი, ადამიანისადმი სიყვარულით. თავისა და თავის ხელოვნებისადმი… იგი გვეუბნებოდა: “ნამდვილი დიდი ხელოვანი შეიქმნება მაშინ, როდესაც ყველაფერს დასთმობ ხელოვნებისათვის” და ის ყველაფერს სწირავდა ხელოვნებას, სწირავდა ისე, რომ თავისთვის არაფერს არ იტოვებდა.
არასოდეს არ დამავიწყდება მისი რეპეტიციები. მე ისინი უფრო მიყვარდა, ვიდრე მისი სპექტაკლები. რა ბედნიერებაა მსახიობისათვის, როდესაც იგი რეჟისორის თვალებში აღიბეჭდება…

განა როდესმე დაგავიწყდება იგი, რეპეტიციების დროს სკამზე ცალფეხმორთხმული, ოდნავ წინ წახრილი, თვალებს ხარბად რომ მოგაჩერებდა და სკამთან ერთად შენკენ მოჩოჩავდა. ცდილობდა, რომ მის ყურადღებას შენი სულის არც ერთი მოძრაობა არ გამოპარვოდა. და თუ რამე მოეწონებოდა, ის მღელვარედ გამოსთქვამდა თავის აღტაცებას, სიხარულის ცრემლები ბრწყინავდა მის თვალებში, მაგრამ თუ შენ ტყუოდი, ყალბი იყავი, არ გაპატიებდა, გესლიანად დაგცინებდა და მაშინ შენ მას სძულდი… საჭირო სწორედ მისი შემოქმედებითი ფანატობაა, რათა ვისწავლოთ პრინციპულობა, ძალა მისი ლოღიკისა, გრძნობა პასუხისმგებლობისა თავისი ხალხის, თავის სამშობლოსი და ისტორიის წინაშე.”