24 თებერვალი, 2015

’’კარმენი’’ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

karmen55555ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის მიერ მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმული “კარმენი” ავსტრალიის ქალაქ პერტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “FRINGE WORLD 2015” გამარჯვებულია. ქართველი მსახიობები ნომინაციში “DANCE AWARD” საუკეთესოებად დასახელდნენ.

სპექტაკლის პრემიერა ორი წლის წინ ლონდონში შედგა და 50 წუთიანმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ”კარმენი” თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც წარმატებით გათამაშდა და დაჯილდოვებული დაბრუნდა სამშობლოში.

ერთმოქმედებიან ქორეოგრაფიულ დრამაში გამოყენებულია ბიზე-შჩედრინის მუსიკა და პროსპერ მერიმეს ლიბრეტო. კოსტუმების მხატვარია ანანო მოსიძე, განათების მხატვარი ია ნადირაშვილი, ხმის რეჟისორი ემზარ ბეგიაშვილი. კარმენს ანა ალექსიშვილი ასახიერებს, ხოსეს ბაჩო ჩაჩიბაია, ტორეადორს არჩილ სოლოღაშვილი, ლეიტენანტს გიორგი ტორიაშვილი. ქორო: ქეთევან ასათიანი, ნუცა გუჩაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ანა წერეთელი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ლევან კახელი და გიგი ქარსელაძე.

ქორეოგრაფიული დრამა დადგმულია ბიზე-შჩედრინის „კარმენ-სუიტა“-ს მუსიკაზე, რაც თითქოს თავისთავად მოითხოვს საბალეტო დასის მონაწილეობას, თუმცა ამ შემთხვევაში პროსპერ მერიმეს ნოველის სიუჟეტის სიმძაფრეს მხოლოდ დრამატული თეატრის მსახიობები წარმოადგენენ. სწორედ ეს სინთეზი განსაზღვრავს სპექტაკლის ჟანრს, როგორც ქორეო-დრამას. ქორეო-დრამა „კარმენი“ თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრისა და “მუვინგ თეატრე”-ს (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი ნაწარმოებია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტში. მასში გაერთიანებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, საფრანგეთი, რუმინეთი, ბრიტანეთი.