19 თებერვალი, 2015

ია სუხიტაშვილი დახმარებას ითხოვს

Ia_Suxitashvili44რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი დახმარებას ითხოვს. ის თავის მეუღლესთან მიშა მესხთან და კინომსახიობთა თეატრის მსახიობთან გიორგი ნაკაშიძესთან ერთად 20 საათზე მეტია თურქეთშია.

როგორც მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ოსკარზე” მიმავალი მსახიობები თურქეთში დიდთოვლობის გამო ჩარჩნენ და ამაოდ ელოდებიან დახმარებას:

“ვითხოვ სასწრაფოდ დახმარებას, სტამბულის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია ჩავრჩით საშინელი დიდთოვლობის გამო, ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით, კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება, მომწერეთ პირადში, თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე. წინასწარ მადლობას გიხდით.”

სტამბულში გადაუღებელი თოვის გამო ყველა რეისი გადადებულია, ამიტომაც ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ფრენები.

ია სუხიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობების სტამბოლის აეროპორტში შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ასაშვილს, რომელიც უკვე დაუკავშირდა ქართველ მსახიობებს. სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და მსახიობები უმოკლეს დროში გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე.”