11 თებერვალი, 2015

თანამედროვე ებრაული დრამატურგია წიგნად გამოიცა

tttt76767676„კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში“ წიგნის „თანამედროვე ებრაული დრამატურგია“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში თავმოყრილია 5 თანამედროვე ებრაელი ავტორის ედნა მაზიას, იეჰოშუა სობოლის, სავიონ ლიბრეხტის, იოსეფ ბარ იოსეფის, ხანოხ ლევინის ქართულად ნათარგმნი პიესები.

ღონისძიებაზე შედგა ასევე იოსეფ ბარ იოსეფის „რთული ადამიანების“ საჯარო კითხვა და მასში მონაწილეობა მიიღეს იოსებ ბაკურაძემ და მოძრაობის თეატრის დასის მსახიობებმა ნინა გორგასლიძემ, ელიზბარ ჩხეიძემ, ბექა პაიკიძემ. პიესა თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ.

იოსეფ ბარ იოსეფიმ პიესების წერა 1963 წლიდან დაიწყო. ის მალევე აღიარეს ნიჭიერ დრამატურგად. ამავე წელს მიიღო ისრაელის პრემია თეატრალური შემოქმედების დარგში. პიესა „რთული ადამიანები“ წარმატებით იდგმებოდა ინდოეთის, ბრაზილიის, ჩეხეთის, პოლონეთის, შოტლანდიის თეატრების სცენებზე. პიესის განახლებულმა ვერსიამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უკრაინასა და რუსეთში. ბოლო პერიოდში მოსკოვისა და პეტერბურგის თეატრებმა პიესის 20-ზე მეტი დადგმა განახორციელა.

„კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ერთობლივი პროექტი „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას“ გასული წლის თებერვლიდან ამოქმედდა და ამ ხნის განმავლობაში 5 საჯარო კითხვა მოეწყო.