ყველაზე კეთილი ამბავი

23 თებერვალი, 2015

ketili-moTxroba456789ამ ისტორიის მთავარი გმირი უკვე დიდი კაცია. ოჯახი ჰყავს და ორ შვილს ზრდის. დედის ძველ წერილებში ქექვამ მას ეს ყველაზე კეთილი ამბავი გაახსენა, რომელსაც ძვირფასი დედიკო ხშირად უყვებოდა:

“დედისთვის ერთადერთი შვილი ვიყავი. ის გვიან გათხოვდა და ექიმებმა შვილის გაჩენა აუკრძალეს. დედამ ექიმებს არ დაუჯერა, თავის თავში შიშიც გადალახა და მხოლოდ 6 თვის ორსული გამოცხადდა ქალთა კონსულტაციაში.

საბედნიეროდ, ჯანმრთელი დავიბადე და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ორივე გადავრჩით. მთელი ოჯახის ნანატრი პატარა ვიყავი, დედა, მამა, ბებიები და ბაბუები თავს მევლებოდნენ.

დედამ ადრე დაიწყო მუშაობა. სამსახურში წასვლამდე ბაღში უნდა მივეყვანე და დავეტოვებინე. სამსახურში რომ არ დაეგვიანა, დედას პირველივე ავტობუსით მივყავდი საბავშვო ბაღში, ჩემს თავს აღმზრდელს აბარებდა, გამორბოდა გაჩერებაზე და შემდეგ ავტობუსს ელოდებოდა.

ხანდახან მეორე ავტობუსი მოსვლას აგვიანებდა, ამიტომ დედასაც სამსახურში აგვიანდებოდა. ხელმძღვანელობამ გააფრთხილა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, მას სამსახურიდან დაითხოვდნენ. დედას არ შეეძლო სამსახურზე უარის თქმა, რადგან მხოლოდ მამას ხელფასი საკმარისი არ იყო. ბევრი იმსჯელეს ოჯახში და ბოლოს მოიფიქრეს: 3 წლის ბავშვს დედა ავტობუსიდან ჩამსვამდა და მარტო გამიშვებდა ბაღამდე, რომ სამსახურში არ დაეგვიანა.

პირველივე ცდიდან ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, თუმცა ის წამები, რაც ბაღის კარამდე მისასვლელად მჭირდებოდა, დედაჩემისთვის საუკუნეს უდრიდა და ყველაზე მტანჯველი და საშინელი იყო მის ცხოვრებაში. ის ავტობუსის ბოლო ფანჯარაზე სახემიჭყლეტილი მიყურებდა, მივედი თუ არა ბაღის კარამდე და შევედი თუ არა შიგნით.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედამ შეამჩნია, რომ ავტობუსი გაჩერებიდან ყოველთვის ნელა იძვრებოდა და მხოლოდ მაშინ უმატებდა სიჩქარეს, როცა ბაღის კარს შევაღებდი. ასე გაგრძელდა მთელი სამი წელი, სანამ 6 წლის არ გავხდი და სკოლაში არ წავედი. მთელი ეს პერიოდი დედა ვერ ხვდებოდა და არც ცდილობდა ასეთი უცნაური ამბის ახსნას. მისთვის მთავარი ის იყო, რომ გული ჰქონდა დამშვიდებული და იცოდა, რომ ბაღში შევედი.

ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაცხადდა. ერთხელ დედასთან ერთად მის სამსახურში მივდიოდი. მოულოდნელად მძღოლმა ხმამაღლა დამიძახა: “გამარჯობა პატარავ! როგორ გაზრდილხარ! გახსოვს, როგორ გაცილებდით ბაღამდე?” მაშინ მიხვდა დედა, რატომ მიდიოდა ავტობუსი ნელა მანამ, სანამ ბაღში არ შევიდოდი.

ამ ამბის მერე ბევრი დრო გავიდა. მიუხედავად ამისა, რამდენჯერაც იმ გაჩერებას ჩავუვლი, სადაც ჩემი საბავშვო ბაღია, ყოველთვის მახსენდება ეს ისტორია და გულზე მალამოდ მედება ავტობუსის მძღოლის სიკეთე, რომელიც ყოველდღე, სამი წლის განმავლობაში, უანგაროდ და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ერთ კეთილ საქმეს აკეთებდა – ანელებდა ავტობუსის სვლას, რომ მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი სამსახურში მშვიდად წასულიყო.”

გააზიარეთ

 
...