22 თებერვალი, 2015

საინტერესო ფაქტები ოსკარზე

os345ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნომინანტთა შორის მოხვედრა კინოსფეროში მოღვაწეებისთვის დიდი პატივია, ოსკარის მინიჭება კი – წარმატების მწვერვალი.

“არტინფო” გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალთან დაკავშირებით, რომელიც წლებია მსოფლიოს აერთიანებს და მთავარ კინომოვლენებს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი აჯილდოვებს.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ბევრი ვარსკვლავი ემოციებს ვერ იკავებს და სიხარულს ტირილით გამოხატავს. მტირალა ოსკაროსნებს შორის ლიდერია გვინეტ პელტროუ, მას არც ჰოლი ბერი და შარლიზ ტერონი ჩამორჩებიან.

მომღერალი ბიორკი იმ ყველაზე წარუმატებელ ვარსკვლავთა შორისაა, რომელთა ჩაცმულობამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 2001 წელს ბიორკი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე გედის კაბაში გამოცხადდა, რომელსაც კვერცხის ფორმის ჩანთა ამშვენებდა. ისლანდიელ მომღერალს ექსკლუზიური კაბა მაკედონიელმა ავანგარდულმა დიზაინერმა სპეციალურად ოსკარების დაჯილდოებისთვის შეუკერა.

უოლტ დისნეი დიდხანს იცინოდა, როცა 1937 წელს მას ანიმაციური ფილმისთვის “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ერთი დიდი და შვიდი პატარა ოსკარი მიანიჭეს.

ანიმაციური ფილმის “სამხერთის პარკი” შემქმნელები თრეი პარკერი და მეთ სტოუნი 2000 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე კაბებში გამოცხადდნენ. თრეიმ ვერსაჩეს მწვანე კაბა ჩაიცვა, რომელიც 1999 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ჯენიფერ ლოპესს ეცვა, მეთმა კი ვარდისფერი კაბა აირჩია, რომელიც იმავე წელს გვინეტ პელტროუს ეცვა.

1973 წელს მარლონ ბრანდოს მიენიჭა ოსკარი ვიტო კორლეონეს როლის შესრულებისთვის ფილმში “ნათლიმამა”. მსახიობისთვის განკუთვნილი ოსკარის ასაღებად სცენაზე ავიდა ინდიელი გოგონა. მან განაცხადა, რომ მარლონ ბრანდო უარს ამბობს ოსკარზე და აკრიტიკებს კინომწარმოებლებს, რომლებიც იღებენ ფილმებს და იქ ინდიელები ყოველთვის უარყოფითი პერსონაჟები არიან. როჯერ მური, რომელსაც ოსკარი უნდა გადაეცა, ისეთი შოკირებული იყო ამ განცხადებით, რომ შემთხვევით ოსკარის ქანდაკება სახლში წაიღო. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს გოგონა ინდიელებთან არანაირ კავშირში არ იყო.

2003 წელს ოსკარი საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ედრიან ბროუდიმ აიღო. ქანდაკება მას ჰოლი ბერიმ გადასცა, პრიზის მიღების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად ბროუდი ჰოლი ბერისკენ მიბრუნდა და ტუჩებში აკოცა, რომელთანაც მანამდე საერთოდ არ იყო დაახლოებული.

1974 წელს ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე სასაცილო ინციდენტი მოხდა: ერთ-ერთი ნომინაციის გამოცხადების დროს, სცენაზე გამოვარდა შიშველი მამაკაცი, რომელიც ფოტოგრაფი რობერტ ოპელი აღმოჩნდა. მან სცენაზე გაირბინა და კულისებში მიიმალა. ცერემონიალის წამყვანი დევიდ ნაივენი არ დაიბნა და ენამოსწრებულად განაცხადა: “მაგარია, ამ კაცმა შეძლო აუდიტორია გაეცინებინა მაშინ, როცა გაიხადა და თავისი ნაკლი ყველას დაანახვა”. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ექსტრავაგანტული გამოსვლა დაჯილდოების ცერემონიალის პროდიუსერის ჯეკ ჰეილის მოფიქრებული იყო.

ანჯელინა ჯოლიმ შოკში ჩააგდო საზოგადოება, როცა 2000 წელს ყველას თვალწინ ოსკარის მიღების დროს საკმაოდ ვნებიანად აკოცა თავის ძმას. თავის მართლების მიზნით მსახიობმა თქვა: “მე ის ძალიან მიყვარს და მასაც სიგიჟემდე ვუყვარვარ!”

1997 წელს კიუბა გუდინგ უმცროსმა ოსკარის მიღების შემდეგ 14-ჯერ ხმამაღლა დაიყვირა “მე თქვენ მიყვარხართ!” ორკესტრი ცდილობდა ხმამაღლა დაეკრა, მაგრამ მისი გაჩერება მაინც ვერ შეძლო.

1992 წელს ჯეკ პელანსმა ოსკარი 73 წლის ასაკში მიიღო. სცენაზე ასულმა კი შოკში ჩააგდო შეკრებილი საზოგადოება. მან განაცხადა, რომ რუსეთში დაიბადა და ვლადიმერს ეძახდნენ. შემდეგ კი საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახდინა – ცალი ხელით ოთხჯერ გააკეთა აზიდვა.

1943 წელს ოსკარი მსახიობმა გრიგ გარსონმა მიიღო. ის სცენაზე ავიდა, მიკროფონთან დადგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. საბოლოოდ კი განაცხადა: “ამისთვის თითქმის არ ვემზადებოდი!” ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა ოსკარების დაჯილდოების ისტორიაში.

დიზაინერი ლიზი გარდნერი, რომელმაც შექმნა კოსტიუმები ფილმისთვის “პრისცილა უდაბნოს დედოფალი”, ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე მივიდა კაბით, რომელიც ოქროს კუპიურებისგან იყო დამზადებული. მისმა კაბამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია და დიზაინერის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად იქნა აღიარებული.

1982 წელს მერილ სტრიპი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე ორსული მივიდა. მან კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო ფილმში “სოფის არჩევანი” ნათამაშევი როლისთვის. მხოლოდ სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ კაბისთვსი ფასის იარლიყის მოჭრა დაავიწყდა.
გვინეტ პელტროუმ 1999 წელს ოსკარის მიიღებისას მღელვარებისგან განაცხადა, რომ “ვერ შეძლებდა ამ როლის თამაშს, მომავალი მაყურებლების უსაზღვრო სიყვარულის იმედი რომ არ ჰქონოდა.”

2008 წელს კამერონ დიასს უნდა გადაეცა ოსკარი საუკეთესო ოპერატორისთვის. მან ვერაფრით შეძლო ეთქვა სიტყვა კინემატოგრაფია და ამის გამეორება რამდენჯერმე დასჭირდა.

1947 წელს როცა ეკრანზე ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალის არქივიდან ნაწყვეტებს აჩვენებდნენ, როლანდ რეიგანმა განაცხადა, რომ დარბაზში შეკრებილები ეკრანზე ხედავდნენ დიდებულ წარსულს, წარმატებულ აწმყოს და სამომავლოდ უნდა ეფიქრათ ახალ მიღწევებზე. ამ სიტყვებზე დარბაზმა სიცილი ვერ შეიკავა, რადგან ეკრანზე ამ დროს მაღლაფეხებაწეული კადრი გამოჩნდა.

მარტინ სკორსეზეს კრიმინალურმა ფილმმა “მიცვალებულები”, რომელშიც მონაწილეობენ ლეონარდო დიკაპრიო, ჯეკ ნიკოლსონი და მეთ დეიმონი, მიიღო ოსკარი. ფილმი ჰონკონგური ბოევიკის “ვერაგი ურთიერთობები” რიმეიქია.

1976 წელს კომიკოს მარტი ფელდმანს ოსკარი ორი რეჟისორისთვის უნდა გადაეცა. მან ქანდაკება იატაკზე დაანარცხა და გამარჯვებულებს ოსკარის ნამტვრევები გადაუნაწილა. გაოცებულ საზოგადოებას კი ღიმილით უთხრა: “მასზე ეწერა, რომ დამზადებულია ჰონგ კონგში”.

2001 წელს ჯულია რობერტსმა ოსკარის მიღებისას მხოლოდ ამის თქმა მოახერხა: “უსინდისოდ ბედნიერი ვარ!”

ჯეიმს კამერონმა “ტიტანიკისთვის” მუსიკის შერჩევას საკმაოდ დიდი დრო მოანდომა. მისი მოსაწონი თითქმის არაფერი აღმოჩნდა. კომპოზიტორმა ჰორნერმა საიდუმლოდ მიიწვია მომღერალი სელინ დიონი და ჩააწერინა მომავალი ჰიტი “My Heart Will Go On” და დაარწმუნა კამერონი, რომ ეს სიმღერა ფილმში ჩაესვა. კომპოზიტორის მცდელობა უშედეგო არ აღმოჩნდა. სიმღერამ ოსკარი დაიმსახურა.

ნიკიტა მიხალკოვის ფილმმა “მზით გათანგულებიკ ოსკარი მიიღო. მისი გადაღებები კი ადვილი არ იყო. შემოქმედებითი ჯგუფი ქვემო ნოვგოროდში სექტემბერში იღებდა ფილმს. შუა გადაღებების დროს ამინდი გაუარესდა, დაიწყო თოვა, ამოვარდა ქარი და ხეებიდან ფოთლები მოგლიჯა. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მთელი ღამის განმავლობაში მწვანე ქაღალდისგან 150.000 ფოთოლი გამოჭრეს და ტოტებზე მიამაგრეს.

1938 წელს ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე უცნაური ფაქტი მოხდა. მსახიობ ელის ბრეიდის ნაცვლად, რომელმაც ფეხი მოიტეხა, სცენაზე ავიდა უცნობი მამაკაცი, მადლობა გადაუხადა ყველას, ოსკარი აიღო და გაურკვეველი მიმართულებით გაქრა.

2007 წელს ოსკარი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფრანგმა მსახიობმა მარიონ კოტიარმა მიიღო ედიტ პიაფის როლის შესრულებისთვის ფილმში “ცხოვრება ვარდისფერ ფერებში”. მსახიობმა ისეთი აქცენტით დაიწყო ლაპარაკი, რომ მისი გაგება ვერავინ შეძლო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მსახიობს სიარულიც არ შეეძლო. ის უხერხული მდგომარეობიდან ფორესტ უიტაკერმა იხსნა და კულისებამდე მიაცილა.

2008 წელს მსახიობ დენიელ დე ლუისს ოსკარი ჰელენ მირენმა გადასცა, რომელიც გასული წლის ოსკარების ლაურეატი იყო. მან ერთი წლის განმავლობაში ორი დედოფალი განასახიერა. როცა დენიელ დე ლუისი ოსკარის მისაღებად სცენაზე ავიდა, “დედოფლის” წინაშე მუხლი მოიყარა, ჰელენ მირენიც არ დაიბნა და მსახიობი ოსკარის ქანდაკებით “მეფედ” აკურთხა.

2008 წელს მომღერალ მარკეტ ირგლოვას, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო სიმღერისთვის, მიკროფონი ზუსტად საუბრის მომენტში გამოურთეს. ეს შეცდომა წამყვანმა ჯონ სტიუარტმა გამოასწორა და მომღერალი სცენაზე მეორედაც მიიწვია.

1994 წელს სტივენ სპილბერგმა ოსკარი მიიღო ფილმისთვის “შინდლერის სია”. რეჟისორი ამ ჯილდოს 27 წლის განმავლობაში ელოდა.

2002 წელს ვუპი გოლდბერგმა დარბაზს ასე მიმართა: “მინდა შემოგთავაზოთ ფილმი, რომელშიც ბევრი ლილიპუტი და ბევრი ქალია პეროთი. არა, მხედველობაში არ მაქვს ლაიზა მინელის ქორწილი, საუბარია ფილმზე “მულენ რუჟი”. პეროების მოყვარული ლაიზა მინელის და პროდიუსერ დევიდ გესთის, რომელიც 158 სატიმეტრი იყო სიმაღლეში, ქორწილი, მართლაც დიდხანს იყო განხილვის საგანი.

1969 წლს ფილმი “შუაღამის კოვბოი” იმდენად ზედმეტად გამომწვევად ჩათვალეს, რომ პორნოფილმებს გაუტოლეს და ყველაზე სასტიკ “იქს” კატეგორიაში გადაანაწილეს. არადა, სწორედ ეს ფილმი აღმოჩნდა ერთადერთი “პორნოფილმი”, რომელმაც ოსკარი მიიღო.

ტეიტუმ ო ნილმა მიიღო ოსკარი ფილმში “გენიალური აფერისტები” შესრულებული როლისთვის 1974 წელს, როცა ის 9 წლის იყო.

ლუის მაილსტოუნის ფილმმა “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” ოსკარი 1930 წელს მიიღო. რეჟისორს პრობლემები შეექმნა პროდიუსერებთან, მათ ფილმი არ მოეწონათ და ურჩიეს, რომ რაღაც შეეცვალა. მაშინ რეჟისორმა უპასუხა, შეეძლო ფილმის ისე გადაღება, რომ გერმანელები მოიგებდნენ. ფილმი ცვლილების გარეშე გამოვიდა.

1938 წელს ერთადერთი ხის ოსკარი იქნა დამზადებული და ის მიენიჭა ცნობილ მსახიობს ედგარ ბერგენს. უფრო სწორედ, ჯილდო მას კი არა, მის “კოლეგას” მარიონეტ ჩარლი მაკარტის ეკუთვნოდა.

1982 წელს თეატრის მსახიობმა ლინდა ჰანტმა მიიღო ოსკარი ფოტოგრაფის როლის შესრულებისთვის. ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო საპირისპირო სქესის განსახიერებისთვის.

1994 წელს 11 წლის ანა პაკუინმა მიიღო ოსკარი ფილმისთვის “პიანინო”. ამ როლზე 5 ათასი კანდიდატი განიხილებოდა, მათგან საუკეთესოდ კი ანა იქნა მიჩნეული.

1999 წელს პედრო ალამადოვარმა ოსკარი მიიღო ფილმისთვის “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”. ფილმი ჟიურის წევრების უმეტესობას არ მოეწონა, მაგრამ პოლიტკორექტულობამ იძულებული გახადა ისინი მოეწონებინათ ფილმი ტრანსვესტიტის, ორსული მონაზვნის და ლესბიანკის მონაწილეობით.

2003 წელს რეჟისორ მაიკლ მურს ოსკარი გადაეცა დოკუმენტური ფილმისთვის “ბოულინგი კოლუმბიისთვის.” დაჯილდოების ცერემონიალი სკანდალით დასრულდა. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის ნაცვლად, რეჟისორმა ჯორჯ ბუში გააკრიტიკა. დარბაზი ორად გაიყო, ნაწილი აპლოდისმენტებით უჭერდა მხარს მას, ნაწილი კი მის გამოსვლას ნეგატიურად აფასებდა.

1997 წელს რეჟისორმა რობერტო ბენინიმ მეორედ მიიღო ოსკარი ფილმისთვის “ცხოვრება მშვენიერია”. სცენაზე ასულმა ჯერ სოფი ლორენი ჩაიკრა გულში, შემდეგ მიკროფონთან მივიდა და უსასრულო განცხადებების გაკეთება დაიწყო: “მადლობა ჩემს მშობლებს სიღარიბისთვის”, ყველანი ძალიან მიყვარხართ”, “მზად ვარ თქვენი სიყვარულის ოკეანეში დავიხრჩო” და ა.შ.

1985 წელს მსახიობმა სალი ფილდმა მიიღო ოსკარი ფილმისთვის “ადგილები გულში”, ის მაყურებელს შემდეგი ფრაზებით დაამახსოვრდა: “არ შემიძლია უარვყო, რომ თქვენ მოგწონვართ და თქვენ მე ძალიან გიყვარვართ.”

მსახიობმა მერილ სტრიპმა 14 ოსკარი მიიღო 26 წლიანი კინომოღვაწეობის პერიოდში. თავისი პირველი ქანდაკება, რომელიც მიენიჭა ფილმისთვის “კრამერი კრამერის წინააღმდეგ” 1979 წელს, მსახიობს ტუალეტში დარჩა. ასევე მოექცა თავის პირველ ოსკარს ოდრი ჰეპბერნი, რომელმაც უმაღლესი ჯილდო ფილმისთვის “რომაული არდადეგები” მიიღო.

როცა 1998 წელს რეჟისორმა ჯეიმს კერემონმა მიიღო ოსკარი ”ტიტანიკისთვის”, შეკრებილ საზოგადოებას ასე მიმართა: “მე მსოფლიოს მეფე ვარ!”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...