საინტერესო ისტორიები რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებიდან

28 თებერვალი, 2015

ramaz728 თებერვალი ქართული კინოსა და თეატრის კაშკაშა ვარსკვლავის რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდებოდა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს მსახიობის ცხოვრებიდან, რომლებსაც ის ჟურნალისტებს უყვებოდა:

“ბავშვი თავიდანვე სწორად უნდა გაზარდო. უნდა შეაჩვიო პირჯვრის გადაწერას, უნდა აუხსნა, ვინ იყო იესო ქრისტე და ნელ-ნელა გააძლიერო სარწმუნოებაში. ჩვენი ბებიები, მშობლები გათვითცნობიერებულნი იყვნენ, იცოდნენ, რა არის გიორგობა, რა არის აღდგომა, მარიამობა და სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულები. იმ პერიოდში გიმნაზიაშიც კითხულობდნენ საეკლესიო ლიტერატურას. ჩვენ ისე კარგად არ ვიცოდით ამ რელიგიური დღესასწაულების შესახებ, როგორც ჩვენმა წინაპრებმა. ეკლესიაში სიარული აკრძალული კი არ იყო, თოფით არავინ გვადგა თავზე, მაგრამ რომ არავინ არაფერს გვეუბნებოდა, არაფერს გვასწავლიდა და არ გვიხსნიდა, საიდან გვეცოდინებოდა ასე სიღრმისეულად სულიერი ცხოვრება? ჩვენც ჩამორჩენილი ვიყავით ამ საქმეში. ჩვენზე ადრე ეკლესიების ნგრევა, მღვდლების დაპატიმრებები, დახვრეტები, მათი გაკრეჭვა და ანაფორების გახდა მიმდინარეობდა. ერთი მღვდელი მაქვს ნათამაშევი და ერთი ეპისკოპოსი, რომელმაც არ გასცა ახალგაზრდები და ეკლესიაში შეიფარა. ამის გამო ეპისკოპოსი ჩეკისტმა გაასამართლა და იგი დახვრიტეს. ოხროხინე მაქვს ნათამაშევი, ცოდვის შვილი მღვდელი. სტალინის დროს ეკლესია ღია იყო, შეხვიდოდი და ილოცებდი თუ გინდოდა. პარტიული მუშაკები, კომკავშირლები არ უნდა შესულიყვნენ, მაგრამ არ მახსოვს, ვინმე ჩვენ თავზე დაგვდგომოდეს და ეს დაეშალოს. როცა აღდგომა იყო თუ შობა, ეკლესიასთან მივიდოდით, შევიდოდით, სანთელსაც ავანთებდით. ჩემთან არავინ მოსულა და არავის უთქვამს, რატომ შემოდიხარ ეკლესიაშიო. ჩემი ახლობლებიდან პარტიული არავინ ყოფილა. გავიზარდე მლოცველების ოჯახში. მამაჩემის მხრიდან ბებიაჩემი ძალიან მლოცველი ქალი იყო. მისი და, ფეფო პეტრიაშვილი, ქვაშვეთის ეკლესიაში მსახურობდა, ღმერთს მთელი თავისი ცხოვრება ემსახურა, სიცოცხლის ბოლომდე ქვაშვეთის ეკლესიაში გაატარა, ასუფთავებდა, ალაგებდა, სანთლებს უვლიდა. მისი ძმა, რომანოზ პეტრიაშვილი, იყო ეპისკოპოსი, რომელიც ილია II-ის დროს მონაწილეობდა არჩევნებში, შეიძლებოდა კათოლიკოსადაც აერჩიათ, მაგრამ ძალიან მოხუცი იყო, 90-ს გადაცილებული, და ამიტომ ღმერთმა ინება და ასეთი დიდებული უწმინდესი მოგვივლინა პატრიარქად სრულიად საქართველოს. ბავშვობიდან შეჩვეული ვიყავი, რომ ყველა დღესასწაულზე უნდა ვყოფილიყავი ბებიასთან, წითელი კვერცხებიც დაგვხვდებოდა, გიორგობასაც აღვნიშნავდით და სხვა საეკლესიო დღესასწაულებსაც. სოფელშიც რომ ჩავდიოდი მეორე ბებიასთან, ჩვენი სახლიდან 50 ნაბიჯში დგას ვეებერთელა ეკლესია, ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს აშენებული სასაფლაოს ტერიტორიაზე. იმ სასაფლაოზე გავატარეთ მთელი ბავშვობა, ის იყო ჩვენი ეზო. ტაძარი არ მუშაობდა. მღვდელი იყო კასიანე გაჩეჩილაძე, რომელიც ათასში ერთხელ შეაღებდა ეკლესიის კარს, შევიდოდა, ან თუ ვინმე მოსანათლი იყო, ან რაღაც რიტუალი იყო ჩასატარებელი, მაშინ კი აღებდა, თორემ ეკლესია რეგულარულად არ მუშაობდა. ადრე ძალიან ძლიერი ეკლესია ყოფილა და სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენ ჩვენს ტაძარში. ეს ტაძარი არის ზემო იმერეთში, წევაში. ასეთ გარემოცვაში გავიზარდე და ამიტომ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ პირჯვარიც უნდა გადამეწერა, ღმერთიც არსებობდა, მისთვის თაყვანი უნდა მეცა.

***

უღმერთო არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა შემდეგ უღმერთო პროფესია შევიძინე. მაგრამ მე ასე არ მგონია, სულ ვამბობ, ეკლესიაშიც ხომ ხდება იგივე რამ, რაც თეატრალურ სამყაროში. გამოდის ეპისკოპოსი, აცმევენ, მერე იმან იცის, როდის წაიკითხოს სახარება, რომელი ლოცვა რომელი ლოცვის შემდეგ იკითხება, ვის შემდეგ იგალობონ, როდის დარეკონ ზარი, როდის აზიარონ ხალხი. ეს ყველაფერი ხომ ჰგავს თეატრს? ჩვენ მეტს კი არაფერს ვაკეთებთ. თეატრი რა არის? მსახიობები ადამიანებს უხსნიან, რა არის კარგი და რა – ცუდი. მღვდელიც ასეა. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ ირჩევენ სასულიერო ცხოვრებას თეატრალები, ბევრია სასულიერო პირი, რომელმაც თეატრალური დაამთავრა. ერთხელ სამების ეკლესიაში ბავშვს ვნათლავდი, მოვიდა ახალგაზრდა ღვთისმსახური, ბატონო რამაზ, მეც თეატრალური მაქვს დამთავრებულიო. მოულოდნელობისგან გავშრი. კინოსტუდიაში იყვნენ ძალიან ბევრნი, რომლებმაც სასულიერო ცხოვრება აირჩიეს და დღესაც უფალს ემსახურებიან. მე ამის სურვილი არ გამჩენია, ალბათ ოხროხინემ გადამაფიქრებინა. ის მართლა საოცარი პერსონაჟია, უარყოფითი და მღვდლებისთვის შეუფერებელი. გოგლა ლეონიძის მიერ ძალიან კარგად არის დაწერილი ეს ნაწარმოები. ეპისკოპოსი კი პირიქით, საოცრად მშვიდი, მოსიყვარულე, სათნო და ღვთისმოშიში პერსონაჟი იყო. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟით ჩვენ ხალხს ვაჩვენეთ, რომ სასულიერო პირებშიც არსებობენ როგორც წესიერი, ასევე უზნეო მსახურები. მღვდელიც ხომ ადამიანია. ოხროხინეს განსახიერების შემდეგ მითხრეს კიდეც, ცოდვებში უნდა მოინანიოო. ხშირად ვხვდები ხოლმე უწმინდესს, მივდივართ მასთან, ვსაუბრობთ. ჩვენი უწმინდესი მართლა დიდებული პიროვნებაა, დიდი სიხარულია, როცა მასთან ყოფნის ბედნიერება მაქვს. ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს ბათუმის ეპისკოპოსთან, მეუფე დიმიტრისთანაც, რომელიც ჩვენი უწმინდესის ძმისშვილია. სწორედ მან დაგვწერა ჯვარი ბათუმში მე და ნატაშას. მის ეზოში არის პატარა ეკლესია, თვითონ ააშენეს მღვდლებმა. მე და ჩემი ცოლი ეკლესიაში ჯვარდაწერილები არ ვიყავით. ერთხელაც სტუმრად მივედით და ვნახეთ ეს პატარა, ძალიან მყუდრო და ლამაზი ეკლესია. იმ ეკლესიას საოცარი ძალა აქვს, ამიტომ სულ უნდა იარსებოს. უცებ მოგვინდა ჯვრის დაწერა, გადავწყვიტეთ კიდეც და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ. მანამდე უკანონო ცოლ-ქმარი ვიყავით, ვიცი, რომ ესეც ცოდვაა. ბებიაჩემის ძმა იყო აჭარის ეპისკოპოსი, ყველაზე დიდი ჩინი ჰქონდა პატრიარქის შემდეგ. თავდაპირველად იყო აფხაზეთის სულიერი წინამძღვარი, ხოლო შემდეგ აჭარაში მოღვაწეობდა, საბოლოოდ თბილისში გადმოვიდა და აქ გარდაიცვალა. იმ ეზოში ვარ ნამყოფი ახალგაზრდობაში, სწორედ იმ ადგილას იდგა ჩემი სასულიერო წინაპრის სახლი, სადაც შემდეგ ტაძარი აშენდა და ჩემს ცოლთან ჯვარი დავიწერე. ასე რომ, წინაპრებმა დამლოცეს. იმ ადგილას სახლი აიღეს და შესანიშნავი საეკლესიო შენობა ააშენეს, სადაც ეპისკოპოსი გადავიდა. როცა ეპისკოპოსი უნდა მეთამაშა, სასულიერო პირებთან არ დამჭირვებია კონსულტაციები. სცენარი გასაგებად იყო დაწერილი. ჩვენ იმ ეპისკოპოსის ისტორია დაწვრილებით შევისწავლეთ. საოცარი ადამიანი ყოფილა, გვაინტერესებდა, რატომ დაიწერა ამ ადამიანზე სცენარი, რა განსაკუთრებული ნიშნებით გამოირჩეოდა. ძალიან ძლიერი ფილმია, მაგრამ აღარ აჩვენებენ და თქვენს თაობას არ ეცოდინება. ჩეკისტი მას თავის ენაზე ელაპარაკება, ეპისკოპოსი კი სულ წმინდა ენაზე, ქრისტეს სიტყვებით პასუხობს. ვერაფერში რომ ვეღარ გამოიჭირა, ადგა და დახვრიტა.

***

ყოველ დილით და საღამოს ვლოცულობ. ყოველ საღამოს უფალს მადლობას ვწირავ განვლილი დღისათვის, და ყოველ დილით პირჯვარს ვიწერ, წმინდანებს ვახსენებ, მამა ღმერთს, იესო ქრისტეს ვახსენებ და ვუხდი მადლობას, რომ კიდევ ერთი დღე მაჩუქეს და ცოცხალი ვარ. დღეს ქვეყანაზე დიდი ცოდვა ტრიალებს, უფალმა იცის ყველაფერი და ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ. მჯერა, რომ ყველაფერს მოევლება და ღმერთი გადმოგვხედავს, მაგრამ ღმერთი არ დაგვლოცავს, თუ ბოროტებისკენ ვიქნებით გადახრილნი. სახარებას ყოველთვის ვკითხულობ. მაქვს ყოველდღიურად წასაკითხი ლოცვებიც. მაქვს წიგნი, რომელიც ყოველდღე უნდა იკითხო მფარველი ანგელოზისადმი. ბიბლიას ნებისმიერი ადამიანი დიდი სიამოვნებით წაიკითხავს, მით უმეტეს, რომ, ერთი წაკითხვით, მასში ჩადებული სიბრძნის ამოკითხვა ძალიან ძნელია. ბიბლია სულ უნდა იკითხო და უნდა ჩაუღრმავდე. ათი მცნება ჩემთვის კანონია. ეს არის უფლის მიერ დაწერილი კანონი თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ თუ რომელი მცნების შესრულება მიჭირს ყველაზე მეტად, ამაზე არასოდეს მიფიქრია. ჩემი გაგებით, მთავარია, ადამიანი კეთილი იყოს, სხვისი ცუდი არ უხაროდეს, არ ჰქონდეს განდიდების მანია, არ იქურდოს, ამპარტავანი არ იყოს. მეტი რა წერია ათ მცნებაში? თავისი მშობელი ქართველს განსაკუთრებულად უყვარს. ხომ გაგიგიათ, ღმერთი რომც არ იყოს, ადამიანმა უნდა გამოიგონოსო. სტალინის პერიოდში ყველა ადამიანს ჰქონდა ლუკმა-პური, მედიცინა უფასო, სწავლა უფასო, მაგრამ ჰქონდათ უმთავრესი ცოდვა – ღმერთს, საკუთარ რელიგიას მოექცნენ საშინლად, დაანგრიეს ეკლესიები, ჩამოყარეს ზარები, გაკრიჭეს მღვდლები, გახადეს ანაფორები, საშინელებაა ამ ყველაფრის ყურება. რა უფლება გაქვს ადამიანს, შეეხო სულიერებას? რაც გინდა, ის ჩამოაყალიბე, მაგრამ სასულიერო საქმეს როგორ ეხები? იმიტომაც დაინგრა ის ქვეყანა. ქართველი ადამიანი საუკუნეების მანძილზე ლოცულობდა, სიყვარულით აგებდა ეკლესიებს, ვის აქვს უფლება, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს? ვცდილობ, ვიყო ეკლესიური, ღმერთის მწამს, მაგრამ აღსარება არ ჩამიბარებია. ოხროხინე მოსანანიებელი მაქვს. ბათუმში ერთხელ ვუთხარი მღვდელს ჩემი ცოდვები. მაგ ცხოვრებაში რომ შეხვიდე და ზუსტი ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრო, ამისთვის მომზადებული უნდა იყო. ჩვენ არ ვართ ამისთვის მომზადებული, ვინ მოგვამზადებდა ისე, რომ ჩვენ ეს ცხოვრების წესად გვექცია? რაც შეეხება მარხვას, დიაბეტი მაქვს, ვარ განსაკუთრებულ კვებაზე, ის საკვები რომ არ მივიღო, არ შეიძლება. ამასთან დაკავშირებით ვიკითხე სასულიერო პირებთან და მითხრეს, რომ ამ წლებში ძნელია მარხვის შენახვა, თორემ მარხვას რა სჯობია? მარხვას რომ შეინახავ კაცი, ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ჩვენი პლანეტა არის გამოსაცდელი პლანეტა. ჩვენ აქ სტუმრები ვართ. ხშირად მიფიქრია, შეიძლება რაღაც დანაშაულისთვისაც ვხვდებით აქ, რომ ის ცოდვა მოვინანიოთ. მთელი ცხოვრება ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის.

***

იერუსალიმში ძალიან მიყვარდა ჩასვლა. იქ სულ სხვა ადამიანად იქცევი. ის ძალიან საინტერესო ისტორიული ქვეყანაა და სულ სხვა დატვირთვა აქვს. სულ ფიქრობ, რომ ამ მიწაზე იესო ქრისტე დადიოდა, იქ მოინათლა, ჯვარს აცვეს. ქალაქისადმიც გაქვს განსაკუთრებული მოკრძალება და სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება ხშირად მოხვდე იქ. ძალიან მიყვარს იერუსალიმი, ულამაზესი ქალაქია, მაგრამ სულ ომია მის გარშემო, სულ შფოთავს და გმინავს. ტყუილად არ არის ნათქვამი, ცოდვილი პლანეტაო. როგორც კი ადამიანმა რაღაც მძიმე იშოვნა, მაშინვე თავში დაარტყა მეორეს. სულ ომი და ჟლეტვაა, ადამიანები იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო დიდ ბომბს გააკეთებს, რომ მოსპონ ხალხი. ასეთი უღმერთობა შეიძლება? განა ამიტომ შეგვქმნა უფალმა? ღმერთი ხომ გვაძლევს ამის მოფიქრების უნარს, ე.ი. უფალი იმის შანსსაც გვაძლევს, თვითონ განვაგოთ ეს ცხოვრება და ავირჩიოთ ან კარგი, ან ცუდი. სასწაულებრივადაც გადავრჩენილვარ. ოპერაცია გავიკეთე მსხვილ ნაწლავზე, ავთივსებიანი სიმსივნე მქონდა. 24 სანტიმეტრი ამომაჭრეს, ჯერჯერობით ვცხოვრობ. რატომ? ვიცი, რომ სიმსივნე ასე იოლად არ რჩება. მეგობრები მყავს ჩეხეთში, იქიდან უნდა წავსულიყავი საოპერაციოდ. ძალიან ღვთისმოსავი ახალგაზრდა ბიჭები არიან. სულ მატარებდნენ ეკლესიაში ოპერაციის წინ, სთხოვდნენ მღვდელს, რომ დაველოცე, ვესწრებოდი ღვთისმსახურებას, სანთლებს ვანთებდი, მეუბნებოდნენ, ღმერთისთვის მეთხოვა, რომ გადავრჩენილიყავი და კარგად გავმხდარიყავი. არის წმინდა ლუდმილა, რომელიც წამებულია ქრისტიანობისათვის. მისი თავის ქალა ინახება ჩეხეთის ერთ-ერთ ეკლესიაში. გამოაქვთ ხოლმე ეს სიწმინდე და შეგიძლია ემთხვიო. მოხდა ისე, რომ ამ წმინდა ნაწილის გამოტანისას იქ ვიყავი და ვემთხვიე. ხატიც წამოვიღე წმინდა ლუდმილასი, სულ თან დამაქვს. ჩემს საძინებელში მიდევს მისი ხატი, ღვთისმშობლის, მაცხოვრის და სხვა წმინდანთა ხატები. მგონია, რომ მან დამიფარა. სამი წელიწადი გავიდა და არაფერი არ მაქვს, სულ ვესინჯები, გართულებები არ მაქვს, არც ქიმია ჩამიტარებია და არაფერი. დამიფარა უფალმა აბა, არა? ეს ხომ გრიპი არ არის, რომ მოირჩინო? მწამს ასეთი რამის, მჯერა, რომ ჩემმა თხოვნამ გაჭრა, ალბათ სხვებმაც ილოცეს ჩემთვის, სხვებმაც ითხოვეს და უფალი შეგვეწია. ამის გარდა, ავტოსაგზაო შემთხვევაც მქონია და გადავრჩენილვარ. ყველაფერი ღმერთია. რატომ უნდა მომხდარიყო, რომ ასე წინ წავსულიყავი ჩემს ხელოვნებაში? ალბათ ღმერთმა დამლოცა. ალბათ იმანაც მიშველა, რომ ბაბუაჩემი იყო ასეთი, ბებიაჩემი და მისი ძმა იყვნენ ღვთისმოშიშები, თორემ რა გამორჩეული კაცი მე ვიყავი?

***

10-12 ნათლული მეყოლება. ხშირად მეხმიანებიან. ნათლულებმა ნათლიები უნდა მოიკითხონ კი არა, ცხვარი უნდა მიუყვანონ. ნათლობა განსაკუთრებული საიდუმლოა. რომ დავიბადე, ყველანაირი წესის დაცვით მომნათლეს, ოღონდ ეკლესიაში არა, სახლში მოიყვანეს მღვდელი და ისე მომნათლეს. ბაბუაჩემი, ზაქარია ჩხიკვაძე, გამოჩენილი პიროვნება, ისტორიკოსი იყო. ამავე დროს, ყველაზე დიდი და კარგი მუსიკოსი. საეკლესიო ქორო ჰყავდა ბაბუაჩემს ქვაშვეთის ეკლესიაში. მას აქვს პირველი საეკლესიო საგალობლების წიგნი შედგენილი. ბაბუაჩემი მაშინდელი პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის, მეგობარი იყო. ბაბუაჩემიც ყოფილა კათოლიკოსობის კანდიდატი, მაგრამ უარი უთქვამს, საერო ცხოვრებას მივყოფ ხელს, დიდი ოჯახი მაქვს და ძნელიაო. მაშინ ბერად უნდა შემდგარიყო და გაუჭირდა. საერო კაცი იყო, წერდა, მუშაობდა, ფილარმონიის ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი იყო. სწორედ იმ პერიოდში მომნათლეს, რამდენიმე ნათლია მყოლია, მთავარი ნათლია ყოფილა გიორგი სესიაშვილი, სამხატვრო აკადემიის ლექტორი. მოუტანიათ სახლში სანათლავი და სახელის დარქმევაზე რომ მიდგა ჯერი, ყველა ნათლიამ დაწერა ფურცელზე სახელი და ჩააგდეს ქუდში. მთავარმა ნათლიამ ამოიღო ფურცელი და ზედ ეწერა რამაზი. ასე დამარქვეს კენჭისყრის შედეგად რამაზი. რამაზი არავის ერქვა, თბილისში ვის ერქვა რამაზი? მერე და მერე დაარქვეს ეს სახელი შვილებს.

გააზიარეთ

 
...