დავით კინწურაშვილი ჯანლუკა მარჩანოს პასუხობს

4 თებერვალი, 2015

kintsura5თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში მედიით გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ პრესკონფერენცია გამართა და პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს დირიჟორ ჯანლუკა მარჩანოსა და თეატრს შორის თანამშრომლობის საკითხებზე:

“გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ თეატრს მაესტროსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და თავად ჯანლუკა მარჩანოს მიერ მედია საშუალებებით მსგავსი განცხადებების გავრცელება იყო მოულოდნელი და გაუგებარი. ვინაიდან თეატრის ხელმძღვანელობასა და მაესტროს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჯანლუკა მარჩანოს მიენიჭა მოწვეული მთავარი დირიჟორის სტატუსი, მთავარი დირიჟორის ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილებები კი გაწერილია შინა განაწესში, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის ოქტომბრიდან.

აქვე განვმარტავთ, რომ თეატრმა მას შესთავაზა ორი სახის თანამშრომლობა – მუდმივ შტატში დარჩენა ან ერთწლიანი კონტრაქტი. მუდმივ შტატში მთავარი დირიჟორის სტატუსით ყოფნის შემთხვევაში ის მიიღებდა ანაზღაურებას იმ სამუშაო დღეების მიხედვით, რომელსაც დაჰყოფდა საქართველოში, კერძოდ თეატრთან მუშაობის პერიოდში. მისი ანაზღაურების სხვა ფორმა წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის ნორმებთან. გრძელვადიანი კონტრაქტი კი ითვალისწინებდა ერთი წლის განმავლობაში 10 სპექტაკლის დირიჟორობას და შესაბამის ჰონორარს. მაგრამ ჯანლუკა მარჩიანოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა კონტრაქტის პირობები, კერძოდ ჰონორარის რაოდენობა და უფლებამოსილებები. მან თეატრის ადმინისტრაციას მოსთხოვა კონტრაქტში ისეთი უფლებების ასახვა, რაც თეატრების შესახებ კანონის თანახმად არის სამხატვრო ხელმძღვანელის პრეროგატივა. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მან თავად მოითხოვა მოკლევადიანი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტული მომსახურების შესყიდვას, კერძოდ იანვრის თვეში სამი სპექტაკლის ჩატარებას. შესაბამისად, მასთან გაფორმდა სწორედ ასეთი ხელშეკრულება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ქმედებები, კერძოდ, მაესტროს მიერ არათანმიმდევრული განცხადებების გაკეთება და მედიასაშუალებებში დეზინფორმაციის გავრცელება, არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ოპერის თეატრში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების – მისი განახლებისა და გახსნის პროცესის ხელის შეშლას. სამწუხაროა, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნეები ცდილობენ შეაფერხონ ოპერის თეატრის განვითარება, ხელი შეუშალონ შემოქმედებით პროცესს და მოახდინონ არეულობის პროვოცირება თეატრის კოლექტივში.
გვიხარია, რომ გვყავს უფრო მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ვიდრე არაკეთილმოსურნე. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ფონდი „ქართუ“ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყენაში არსებული საოპერო ხელოვნების დიდი ტრადიცია შენარჩუნდეს და განვითარდეს.

გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომელიც უკვე 5 წელია ელოდება უდიდესი ტრადიციების მქონე ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას, რომ ამ პროცესს ვერაფერი შეაფერხებს. თეატრის ახალი ადმინისტრაცია აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ უმოკლეს დროში მიიღოს საერთაშორისო დონის საოპერო თეატრი, რომელიც მაყურებელს შესთავაზებს მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე საოპერო და საბალეტო რეპერტუარს.”