14 იანვარი, 2015

ხობში სალოტბარო სკოლა იხსნება

tutuki15 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხსნის ხობის სალოტბარო სკოლას.

პროექტი ითვალისწინებს ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებას, მოვლასა და აღორძინებას, ფოლკლორის ყველა დარგის პროფესიულ სწავლებას. სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას.

სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული მოსწავლეები ჩაირიცხებიან თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. პარალელურად, ცენტრის ეგიდით, შეიქმნება ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი ბავშვთა მუდმივმოქმედი ანსამბლი.

სალოტბარო სკოლის გახსნას დაესწრებიან ფოლკლორის სახელწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ცენტრის სპეციალისტები და ქართული ფოლკლორის თვალსაჩინო მოღვაწეები.