21 იანვარი, 2015

რეზო კიკნაძე: დამეხმარეთ!

rezo4თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისა და ხელშეწყობისკენ მოუწოდებს:

“მეგობარო კაფეს/ბარის/გალერეის და ა.შ. პატრონებო და მათო მეგობრებო, ერთმა სტუდენტურმა ამბავმა შემძრა და ცხელ გულზე გწერთ თხოვნით:

ხომ არ გეგულებათ ისეთი სამუშაო სიტუაცია (ბარში ან კაფეში მიმტანი ან მსგავსი), რომ ერთმა ჩვენმა ძალიან კარგმა სტუდენტმა კვირაში რამდენიმე ღამე (!! საღამოს ათიდან დილის ათამდე !!!) არ ათიოს და ამ არაადამიანურ დატვირთვაში თვიურად მხოლოდ 250 ლარი არ ჰქონდეს გამომუშავება?

იქნებ გაიკითხოთ და რამე მირჩიოთ, თორემ :

სხვაფრივ სრულიად ჩვეულებრივი და მისაღები რამ (სტუდენტი დღეში ორიოდე საათს მუშაობს მიმტანად კაფეში, რომ ცოტა ჯიბის ფული გამოიმუშავოს), აქ, ამ ჩვენს “მადლიან” ქვეყანაში, ისეთ არაადამიანურ სოციალურ სკანდალად გადაგვარდება ხოლმე – თმები ყალზე დაგიდგება კაცს: ყოველკვირეულად 3-4-12-საათიანი ღამისთევა და თვეში 250 (უკეთეს შემთხვევაში 300) ლარის აღება გასამრჯელოდ, აქედან 200 ლარის ბინის ქირაში ხარჯვა და შიმშილის და გაჭირვების ფონზე მეცადინეობა და მაინც საუკეთესოთა რიგში ყოფნა – პათეტიურად ჟღერს, მაგრამ ამის უკან რამხელა აღმაშფოთებელი უსამართლობა იმალება – დამეთანხმებით ალბათ..

ამიტომ, კაფეების და რესტორნების პატრონებო, ან კონსერვატორიის სხვაფრივ მეგობრებო, იმის მცოდნენო, რომ კონსერვატორია თვითონ ვერ იტვირთავს ამგვარ სოციალურ დახმარებას, დამეხმაროთ იქნებ, ან უფრო ადამიანური სამუშაოს შოვნაში, ან, სულაც იმგვარი დახმარებით, სამუდამოდ მადლობელი რომ იქნება ეს სტუდენტი, თქვენი დახმარებით რომ მიიღებს განათლებას… ასეთები არიან, თავისი ქვეყნის საამაყო შვეილები რომ ხდებიან მერე…”