12 იანვარი, 2015

რა ელის გელათის მონასტერს?

Gelati-Monastery2მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის არქიტექტურული კომპლექსის მართვის გეგმა რამდენიმე თვეში უკვე მზად იქნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით, დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, მსოფლიო ბანკის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, იუნესკო საქართველოს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრისა და ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები.

გელათის არქიტექტურული კომპლექსის მართვის გეგმის მომზადება ხორციელდება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მოთხოვნის თანახმად. სახელმწიფომ დოკუმენტზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. დოკუმენტის დასრულებული ვერსია განხილული იქნება და კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის გადაეგზავნება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს მისი შემდგომი დამტკიცებისთვის.

გელათის მონასტრის მართვის გეგმის დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრი.

პროექტი სახელმწიფოს დაკვეთით და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.