12 იანვარი, 2015

თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” რესტავრირებულია

natvris-xe2თენგიზ აბულაძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი „ნატვრის ხე“ ციფრულ ფორმატში იქნა გადაყვანილი. ქართულ-ესტონური ერთობლივი ძალისხმევით თენგიზ აბულაძის ფილმი აღდგენილი და რესტავრირებულია. ფილმის პრეზენტაციას კინოთეატრ „ამირანში“საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

„ჩვენ დღეს დავიბრუნეთ “ნატვრის ხე”, რომელზეც საქართველოში მთელი თაობები აღიზარდა. ეს არის სასიხარულო დღე. ჩვენი ესტონელი მეგობრების მიერ სრულად მოხდა ამ ფილმის გაციფრულება და სიმბოლურია, რომ ამ ფილმის ჩვენება დავამთხვიეთ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, ქართული კინოს მოყვარულთათვის. ქართველებს გვყავს უდიდესი კინორეჟისორები, რომლებმაც უნიკალური შედევრები შექმნეს ათწლეულების განმავლობაში. ქართული კინოს ფენომენი აღიარებულია მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ნატვრის ხის“ აღდგენა მიულოცა ქართველ კინომოყვარულებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. ტაავი რიივასმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველო-ესტონეთის სამაგალითო თანამშრომლობაზე მიუთითებს.

ესტონეთის პრემიერმა ასევე ხაზგასმით ისაუბრა ზაზა ურუშაძის „მანდარინების“ შესახებ და აღნიშნა, რომ ის შესანიშნავი ფილმია, რომელიც ბევრ ჯილდოს იმსახურებს.

“ნატვრის ხის” აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა, თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რესტავრაცია, ფერებისა და ხმის კორექცია ფილმს ესტონეთში ჩაუტარდა.