20 დეკემბერი, 2014

20 დეკემბერს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა

rezo120 დეკემბერს ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა. მას წელს 88 წელი შეუსრულდებოდა.

მწერალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში მუშაობდა 31-ე ქარხანაში, სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
რევაზ ინანიშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლას თავის დაანება დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე. მოგვიანებით მწერალიტ კვლავ დაუბრუნდა სწავლას და დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. მწერალი დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”, რასაც მოყვა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში გადასვლა. რეზო ინანიშვილი მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად, 4 წლის განმავლობაში იყო ჟურნალ ,,დილას” რედაქტორი.

მისი პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოქვეყნდა ალმანახ „პირველ სხივში“, პირველი კრებული კი იყო „პირველი მოთხრობები“. რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

მწერალი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.