6 დეკემბერი, 2014

ოქროს გლობუსის შესარჩევ სიაში ორი ქართული ფილმი მოხვდა

gol-1“ოქროს გლობუსის” 71-ე დაჯილდოების საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიის შესარჩევ სიაში ორი ქართული ფილმი მოხვდა.

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” ის ქართული ფილმებია, რომლებიც ოქროს გლობუსის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

ორივე ფილმი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. “მანდარინები” ვარშავის ა კლასის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა, “სიმინდის კუნძულს” კი კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიენიჭა.

ორივე ფილმი წელს ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაშიცაა წარდგენილი. “სიმინდის კუნძული” ოსკარზე საქართველომ წარადგინა. “მანდარინები” კი ესტონეთმა, რადგან ფილმი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა.

ოქროს გლობუსი ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო და ტელე ფილმებისთვის.