3 დეკემბერი, 2014

მოხეტიალე ზღაპარი თოჯინების თეატრშია

tojinebiგიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა პრემიერა შესთავაზა თავის ერთგულ მაყურებელს. “მოხეტიალე ზღაპარი” – ასე ეწოდება წარმოდგენას, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა განახორციელა.

“არსებობენ ღამეები, რომლებიც სხვა დანარჩენი ღამეებისგან განსხვავდებიან… როდესაც ასეთი ღამე დგება, გეჩვენება, რომ რაღაც განსაკუთრებულად ციმციმებენ ვარსკვლავები, ლამპიონებიც რაღაც იდუმალ სინათლეს ასხივებენ… ასეთი ღამის დადგომისას მღელვარებისაგან გული გიჩქარდება და გგონია, შენი გულისცემა მთელს ქვეყანას ესმის… შემდეგ ქუჩებში უთავბოლოდ ხეტიალი და საკუთარი გულისთქმისათვის ყურის დაგდება გინდება… სწორედ ასეთი ღამეებია, მთელ ცხოვრებად რომ ღირს და მთელი სიმძაფრით შეგაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ!…

ჩვენ თქვენთვის შევქმენით ტკბილი ზმანება… ეს ზმანება ვარდისფერია, მოციმციმე, ჟღრიალა, თავბრუდამხვევი!… ამ ზმანებამ თამამად შემოაბიჯა ჩვენთან, დაგვათრო და სცენაზე დაიდო ბინა… ახლაც აქაა! ჩვენც, გაბრუებულები, ვსხედვართ და შევხარით… ბოლოჯერ ვახებთ ჯადოსნურ ჯოხს და თქვენთან შესახვედრად ვამზადებთ! როდესაც გვესტუმრებით, მასპინძლობას ბედნიერი ადამიანები გაგიწევენ, ხელს გამოგიწვდიან და სხვადასხვა ქვეყანაში გამოგზაურებენ! დიახ, აქ ბედნიერი ადამიანები დაგხვდებიან, შესაძლოა, ძველმანებში გამოწყობილი, საკუთარი მიბრეცილი ფეხსაცმლის გაპრიალებით გართული მაწანწალა მოულოდნელად ისე გულიანად და თამამად აცეკვდეს, თითქოს წარმოსადეგ პიჯაკში იყოს გამოწყობილი!

გვესტუმრეთ და ჩვენ დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერება მეტისმეტად მარტივი და ადვილად ხელშესახებია თითოეული ჩვენთაგანისთვის… მთავარია, მაგრად ჩასჭიდოთ ხელი საკუთარ ქუდს! და გწამდეთ, რომ აუცილებლად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ გზას აირჩევთ ცხოვრების გზაჯვარედინზე, თქვენი მეგობარი, ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხართ, ამ გზაზე აუცილებლად შეგხვდებათ, აღარსად გაგიშვებთ, ხელს მაგრად ჩაგკიდებთ და გზას თქვენთან ერთად განაგრძობს…” – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი, რომელიც მაყურებელს ყოველთვის მოუთმენლად ელოდება.