14 დეკემბერი, 2014

ლიზა ბათიაშვილი მსოფლიოში საუკეთესოა

Lisa_Batiashvili35 წლის ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ჟურნალ “მიუზიქალ ამერიკას” გადაწყვეტილებით, მსოფლიოში საუკეთესოა და მომავალ წელს ის „მოწვეული შემსრულებლის“ სტატუსით ამერიკაში დაგეგმილ რამდენიმე პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველმა მევიოლინემ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო. ათი წლის განმავლობაში ლიზა ამერიკის შეერთებულ შტატებში ორკესტრებთან ერთად მართავდა კონცერტებს, სოლო- გამოსვლებს და სხვა ღონისძიებებს.

ლიზა ბათიაშვილი წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა მისი საგასტროლო ტურნე მთელ მსოფლიოს მოიცავს. ქართველი მევიოლინე ჩსაყოველთაო აღიარებით და სიყვარულით სარგებლობს მსმენელში. ამჯერად ეს ამერიკულმა გამოცემამაც აღიარა და ლიზა ბათიაშვილი წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად დაასახელა.

ამ პრიზის მფლობელი 2015 წელს შეერთებულ შტატებში საიუბილეო 50-ე კონცერტს გამართავს ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრასთან. ამერიკაში მინიმუმ 16 ერთმანეთზე უკეთესი საორკესტრო დასია და ლიზას სწორედ მათთან მოუწევს თანამშრომლობა. კონცერტები დაგეგმილია ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, ერთ-ერთი კონცერტი გაზაფხულზე მეუღლესთან ჰობოისტ ფრანსუა ლელოსთან ერთად არის დაგეგმილი.

ლიზა ბათიაშვილის საკონცერტო პროგრამების განრიგი 2018 წლამდე უკვე გაწერილია. რეიტინგებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსი, წელიწადში 150-მდე კონცერტში იღებს მონაწილეობას.