25 ნოემბერი, 2014

ჩეხური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტშია

2საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს აუდიოარქივში დაცული ზღაპრების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებას. ამჯერად მსმენელისათვის ხელმისაწვდომი გახდა ჩეხური ზღაპრები. ზღაპრების მოყვარულებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ინდონეზიური ზღაპრებიც. პროექტის ილუსტრატორია ზაალ სულაკაური.

ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია ქართული, გერმანული და სლოვაკური ზღაპრები. XX საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებაც მიმდინარეობს, მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ აუდიოჩანაწერები აიტვირთა  სპეციალურ ვებგვერდზე და მისი მოსმენა ყველას შეუძლია. ზღაპრები ხელმისაწვდომია, ასევე ეროვნული არქივის ოფიციალურ გვერდზეც.

პატარებისთვის ზღაპრებს კითხულობენ ქართველი მსახიობები მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი.