18 ნოემბერი, 2014

თემურ ჩხეიძე იუბილარია

8რეჟისორი თემურ ჩხეიძე იუბილარია. მას 71 წელი შეუსრულდა. ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების მილოცვების გარდა, იუბილარმა ოფიციალური მილოცვა კულტურის სამინისტროსგანაც მიიღო:

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს მას დაბადების დღეს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მომავალ წარმატებებს უსურვებს!”

თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოს დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა ზუგდიდის დრამატულ, მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1991 წლიდან 22 წლის განმავლობაში სანკტ პეტერბურგის დიდი თეატრის ჯერ რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად და 2007 წლიდან, 6 წლის განმავლობაში სამხატვრო ხელმძღვანელად. 2013 წლიდან თემურ ჩხეიძე სანკტ პეტერბურგიდან საბოლოოდ ბრუნდება და საქართველოში განაგრძობს მოღვაწეობას.

2014 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრმა, თემურ ჩხეიძის სახელოსნომ, რომელსაც თავად რეჟისორი ხელმძღვანელობს.

წლების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრების სცენაზე თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი, ასევე, გადაღებული აქვს სატელევიზიო სპექტაკლები.

თემურ ჩხეიძე არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, მიხეილ თუმანიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიის ლაურეატი, „ოქროს გრან-პრის“, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმისა“ და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი.

“არტინფო” ულოცავს ბატონ თემურს დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!