21 ნოემბერი, 2014

გიგო გაბაშვილის დაბადებიდან 152 წელი შესრულდა

11-1ფერმწერისა და ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებლის გიგო გაბაშვილის დაბადებიდან 21 ნოემბერს 152 წელი შესრულდა.

ის სწავლობდა თბილისში კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფრანც რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. მოგვიანებით სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ვილვალდესთან, შემდეგ მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. მან იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა.

გიგო გაბაშვილი იმყოფებოდა იტალიასა და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან. 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა. მისი შემოქმედების აყვავების პერიოდია XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლები. გიგო გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მტავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის და სხვა. ის მიჩნეულია ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობის პიონერად.

გიგო გაბაშვილის ნახატი „ბაზარი სამარყანდში“ 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.